პოპულარულმა გამოცემა Goal.com-მა წერილი მიუძღვნა საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ფროზინონეს” შემტევს, გიორგი კვერნაძეს. შეგახსენებთ, რომ “ფროზინონე” ლიდერობს იტალიის სერია B-ს, ქართველს კი კარგი სეზონი აქვს.
“ფეხბურთში შედარებების გაკეთება არახალი ამბავია. ეს შედარებები მაინცდამაინც არ არის კომფორტული იმათთვის, ვისაც სხვას ადარებენ, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ თამასა ძალიან მაღლაა აწეული. ამის თაობაზე შეგიძლიათ ჰკითხოთ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი კვერნაძეს, ვინც 2023 წელს ჩავიდა იტალიაში და “ფროზინონეს” შემადგენლობაში თამაშობს.
იოლი გამოსაცნობია, ვის ადარებენ მას: ისევ და ისევ – ხვიჩა კვარაცხელიას. ეს შედარება ხდება ერთი ეროვნების, იდენტური სათამაშო პოზიციისა და მსგავსი ჟღერადობის გვარების გამო. მათი შედარება მარტივი საქმე იყო. მით უმეტეს, გიორგი თავის კუმირად იმთავითვე კვარაცხელიას ასახელებდა. არადა, თავიდან ამ შედარებისთვის მიზეზები ნაკლებად ჩანდა”…
ვინ არის გიორგი კვერნაძე?
გიორგი კვერნაძე დაიბადა საქართველოში, კერძოდ სამტრედიაში, 2003 წლის 7 თებერვალს. მისი საფეხბურთო კარიერა “საბურთალოში” დაიწყო. ეს კლუბი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს.
ის პატარა ასაკიდანვე გამორჩეული იყო სიძლიერითა და მოქნილობით. ის რაღაცით ჰგავს მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელს. მიუხედავად სიმაღლისა (188 სმ), ის არის სწრაფი და ტექნიკური. კვერნაძე თანამედროვე სტანდარტების იდეალური გარემარბია.
კვარას გზაზე: ბათუმიდან სერია A-ში
კვერნაძის დადებითი თვისებები საქართველოში ძალიან მალე შეამჩნიეს. მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა თავის გუნდში და მერე კლუბი შეიცვალა. ის ჯერ ფოთის “კოლხეთში” გადავიდა, მერე კი ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ კლუბ ბათუმის “დინამოში” გაანათხოვრეს.
კვერნაძე ევროპული კლუბების თვალთახედვის არეში მოექცა. ყველას აჯობა გვიდო ანჯელოციმ – ადამიანმა, ვისაც ნიჭის ამოცნობა ნამდვილად არ ეშლება. იტალიური ფეხბურთის ელიტაში ახალაღზევებულმა “ფროზინონემ” კვერნაძეში 2 მილიონი ევრო გადაიხადა.
თავიდან იყო სირთულეები…
იტალიაში კვერნაძის ჩასვლას ახლდა დიდი მოლოდინი და შედარებები. ის მაშინ ჯერ მხოლოდ 20 წლის იყო და თავიდან ძალიან გაუჭირდა. სადებიუტო სეზონში თითქმის ვერ იღებდა სათამაშო დროს და თამაშებზე გავლენას ვერ ახდენდა. სეზონის ბოლოს “ფროზინონე” გავარდა, კვერნაძეს კი მინდორზე მხოლოდ 190 წუთი ჰქონდა გატარებული…
პროგრესი, რომელიც განიცადა ეროვნულ გუნდში
წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, “ფროზინონემ” ქართველ ფეხბურთელს ნდობა გამოუცხადა. გადაწყდა მისი შენარჩუნება. ეს შეიძლება იმიტომაც მოხდა, რომ არ გამოჩნდა კლუბი, რომელიც კვერნაძეში იმდენს გადაიხდიდა, რამდენიც თავის დროზე გადაიხადა “ფროზინონემ”.
არის მეორე ვარიანტიც – თავად ფეხბურთელს სურდა, რომ ბოლომდე დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები. 2024 წლის 26 დეკემბერს მან პირველი გოლი შეაგდო “ფროზინონეს” შემადგენლობაში. “სალერნიტანასთან” მატჩში მან ასისტიც მიითვალა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ დღიდან დაიწყო მისი აღმასვლა. მიმდინარე სეზონში კვერნაძე დომინირებს იტალიის რანგით მეორე დივიზიონში. ცოტა ხნის წინ მან პირველად ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში…
როგორც მანქანა დრიფტისას…
კვერნაძე სეზონის პირველ ნახევარში მასიმილიანო ალვინის მიერ გაწვრთნილი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ამ მწვრთნელმა გაიგო, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა სწორად ქართველი გარემარბი.
“ფროზინონეს” აქვს მხოლოდ 2 წაგება. “ვენეციასთან” დამარცხდა მაშინ, როცა გიორგი არ თამაშობდა და წააგო ჩემპიონატის გამორჩეულ გუნდ “მონცასთან”.
ნოემბრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გოლი და 2 ასისტია. გუნდი ლიდერობს ჩემპიონატს. კვერნაძე ძირითადის უცვლელი წევრია და მის ოცნებაც რეალურია – დაუბრუნდეს იტალიურ საფეხბურთო ელიტას.
რა შეიცვალა უკეთესობისკენ?
…შეიცვალა ის, რომ კვერნაძემ შეიძინა თავდაჯერება, რომელიც მას აქამდე აკლდა. ახლა მან უკეთესად იცის, როგორ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. ამის კარგი მაგალითია “რეჯანასთან” მატჩი, როცა მისი გოლით გუნდმა მოიგო. კვერნაძემ 6-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით და ეს “ფროზინონეს” დარტყმების ნახევარი გახლდათ.
ახლა ის რისკავს. ყველანაირად ცდილობს, თამაშზე გავლენა მოახდინოს. ახლაა ის სწორედ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც სურდათ, რომ ყოფილიყო მაშინ, როცა შეიძინეს.
ადრე იყო ნაპოლი…
სანამ “ფროზინონე” დაიმატებდა, მის გადაბირებაზე სერიოზულად ფიქრობდა “ნაპოლი”. ის ამ გარიგების დახურვას ცდილობდა და ბათუმის “დინამოსთანაც” ჰქონდა კონტრაქტი. თითქოს ბუნებრივად ეწყობოდა ყველაფერი, მაგრამ მაშინ ანჯელოცი და “ფროზინონე” უფრო სწრაფები და მიზანდასახულები აღმოჩდნენ.
ახლა კვერნაძით ინტერესდება სერია A-ს რამდენიმე კლუბი. ცოტა ხნის წინ, ზაფხულში, მისი წასვლის შესახებაც კი იყო საუბარი. ამ ეტაპზე “ფროზინონეში” მიიჩნევენ, რომ კვერნაძის ლიდერობით უნდა დაწინაურდნენ სერია A-ში, მერე კი ვნახოთ”, – წერს გამოცემა.
lelo.ge


GIPHY App Key not set. Please check settings