გიორგი კვერნაძემ მორიგი კარგი თამაში ჩაატარა „ფროზინონეში“, რომელიც სტუმრად „მონცას“ შეხვდა და ქულა აიღო – 2:2.
სერია B-ს მე-20 ტურში ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო უკვე მე-4 წუთზე შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა: კონტრშეტევაზე საკუთარი საჯარიმოს ხაზიდან მოედნის ცენტრისკენ შორეული ბურთი ჩააგდო და პარტნიორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა.
ეს მისი მეორე ასისტია სეზონში. შეფასებები: Flashscore – 7.4; Sofascore – 6.7.
20 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 42 ქულით პირველ ადგილზეა.
მონცა – ფროზინონე 2:2
გოლები: 0:1 გეჯემისი (4), 1:1 ჰერმანი (23), 2:1 პეტანია (74), 2:2 მონტერისი (88)
გაძევება: კონე (76, ფროზინონე)
ბუნდესლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ უმასპინძლა და უგოლოდ გაეყარა – 0:0. მასპინძლებს უპირატესობა ჰქონდთ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ქართველი მცველი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა.
შეფასებები: Flashscore – 7.0; Sofascore – 7.1; Whoscored – 6.5.
„ჰამბურგს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 17 ქულით მე-14 ადგილზეა და 23 იანვარს „სანკტ პაულის“ ესტუმრება.

ბუდუ ზივზივაძე მუხლის ტრავმის გამო კარგა ხანია უქმობს (22 ნოემბრის შემდეგ) და არც ახლა უთამაშია, როდესაც მისმა„ჰაიდენჰაიმმა“ სტუმრად „ვოლსბურგთან“ ქულა მოიპოვა – 1:1.
ლუკა გადრანის იერუსალიმის „ბეითარი“ ფეთაჰ-თიკვაში „ჰაპოელს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა, ქართველი მცველი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გუნდი გოლისგან გადაარჩინა, არაერთი შეტევა ჩაშალა, ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგო და ორჯერ დაარტყა კარში. პასების 90 პროცენტი ზუსტი აღმოჩნდა. შეფასება – 8.1.
საბერძნეთში ივა გელაშვილის „პანსერაიკოსმა“ 2:1 მოუგო „კიფისიას“.ქართველმა მცველმა ბერძნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა, გადმოვარდნილ ბურთს დაახლოებით 12 მეტრიდან დაამატა და ანგარიში გაათანაბრა. სრულად ითამაშა, შეფასება – 7.3.

პორტუგალიაში, გიორგი ქოჩორაშვილმა 83-ე წუთიდან ითამაშა, მისმა „სპორტინგმა“ კი „კასა პიას“ 3:0 მოუგო.
ნიდერლანდებში გოლი გაიტანა ირაკლი ეგოიანმა, რომლის „ექსელსიორი“ შინ დაუზავდა „ტელსტარს“ – 2:2. 75-ე წუთზე ანგარიში 0:2 იყო, როცა ეგოიანმა შეაგდო (მე-3 გოლი ჩემპიონატში). შეუცვლელად ითამაშა. შეფასებები: Flashscore – 7.3; Sofascore – 6.6.



GIPHY App Key not set. Please check settings