საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი სეზონისწინა მოსამზადებელ მატჩებში ბრწყინვალე ფორმაშია და ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.
ნიკას გუნდმა მეორე საკონტროლო შეხვედრა მაკედონიურ “შკუპისთან” ჩაატარა. კვეკვესკირმა, რომელიც პოზნანის “ლეხის” სასტარტო შემადგენლობაში იყო, 34-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მან თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ თავით შეაგდო. ქართველმა ფეხბურთელმა ამ მატჩში საგოლე პასებიც მიითვალა. 38-ე წუთზე გოლი ნიკას მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, 54 წუთზე კი – მის გადაცემას.
“ლეხის” მთავარმა მწვრთნელმა 61-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 3:0 იყო, ცვლილებები განახორციელა და სხვებთან ერთად მოედანი კვეკვესკირმაც დატოვა.
ნიკამ “ლეხის” პირველ სპარინგშიც გამოიჩინა თავი. რამდენიმე დღის წინ მისმა გუნდმა ჩეხური “ოსტრავა” ანგარიშით 4:2 დაამარცხა, კვეკვესკირმა კი, რომელმა მეორე ტაიმი ჩაატარა, მე-80 წუთზე ზუსტი პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“ლეხმა” პოლონეთის ჩემპიონატში გასულ 19 ტურში 46 ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილის ლიდერია. კვეკვესკირმა ექსტრაკლასას 17 შეხვედრაში ითამაშა და 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.
GIPHY App Key not set. Please check settings