in

კვარა ნაპოლიში 7-იანი გახდება: რა ხდება კონტრაქტზე და სხვებზე – ხვიჩას და ნაპოლის ამბები

„ნაპოლიმ“ წინასასეზონო თერთმეტდღიანი პირველი შეკრება დიმაროში „მანტოვას“ 3:0 დამარცხებით დაასრულა. Areanapoli-ცნობით, მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელები ვარჯიშებზე გატანჯა, გუნდი დღეს ნეაპოლში დაბრუნდა, რამდენიმე დღე დაისვენებენ და შემდეგ მეორე შეკრებას კასტელ-დი-სანგროში დაიწყებენ.

გამოცემა წერს, რომ კონტეს ძალიან აკლდა ევროპის ჩემპიონატის მერე შვებულებაში გასული ფეხბურთელები, ერთი სული აქვს ხვიჩა კვარაცხელიას და ჯოვანი დი ლორენცოს როდის ნახავს და გადაეხვევა.

კონტემ „მანტოვასთან“ ნამატჩევს მოკლე კომენტარი გააკეთა. „გამარჯვებები თვითრწმენის დამკვიდრებაში გვეხმარება. ბურთის უკეთ კონტროლირება გვჭირდება. ძალიან კმაყოფილი ვარ აგრესიულობით და მაღალი პრესინგით. აუცილებელია მუშაობა გავგრძელოთ, მოვუმატოთ და დარწმუნებული ვარ, ნაკრებებიდან ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ, ამას ნამდვილად შევძლებთ.

სამზადისს აჩქარების გარეშე შევუდექით. გუნდი ადაპტაციას გადის. თანდათან ბიჭები უფრო მეტს გაიგებენ. მთავარია კოლოსალური ინტენსივობით ვითამაშოთ. არ მინდა გუნდი უკან იდგეს და მარცხის საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს. მეტი გამჭოლი გადაცემების გაკეთება გვმართებს“, – ციტირებს კონტეს Football Italia.

კვარაცხელია “ნაპოლის” 25 ივლისს შეუერთდება.

“ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონში 7 ნომრიან მაისურს მოირგებს, ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, აქამდე “კვარა” “ნაპოლიში” 77 ნომრიან მაისურს ირგებდა.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხვიჩამ მისი საფეხბურთო კერპების გუტისა და კრიშტიანო რონალდოს გამო მიიღო.

ბოლოს, “ნაპოლიში” 7 ნომრიანი მაისურით ელიფ ელმასი ასპარეზობდა, რომელმაც კლუბი გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა და “ლაიფციგში” გადავიდა.

„კორიერე დელო სპორტის” ცნობით, “ნაპოლის” მწვრთნელი ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას თავის პროექტში ცენტრალურ ფიგურად განიხილავს და ევროპირველობისას ხშირად ესაუბრებოდა.

ქართველზე კონტემ შთაბეჭდილება მოახდინა, ესმის, რომ გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით შეუძლია პროგრესირება, მასთან მუშაობა უნდა და კონტრაქტის გასაგრძელებლად მზადაა.

ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას თანამშრომლობის 2029 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას და სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს სთავაზობს, რომელიც ბოლოს შეიძლება 7 მილიონამდე გაიზარდოს. ფეხბურთელი და აგენტი 8 მილიონს და ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტის შეტანას მოითხოვენ.

გამოცემა აგრეთვე იტყობინება, რომ ხვიჩა შვებულებაში უქმად როდია, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ველოსიპედზე,
სატრენაჟორო დარბაზში და მოედანზე ვარჯიში დაიწყო, პირველი შვილის მოლოდინშია, პსჟ-ის ფრანგული სურნელი ჰაერში ორთქლდება, სურს თავიდანვე კონტეს ნდობის გამო მადლიერება გამოხატოს, პატივისცემა დაიმსახუროს და გუნდისადმი ერთგულება პირველივე ამახანაგური მატჩიდან დაამტკიცოს.

„ჩელსის” ფორვარდი რომელუ ლუკაკუ დიდი ალბათობით, კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ბელგიელმა ნეაპოლურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ტრანსფერი მას შემდეგ გაოფიციალურდება, რაც “პარტენოპეის” ვიქტორ ოსიმენი დატოვებს. თავის მხრივ, ნიგერიელს “პარი სენ ჟერმენში” გადასვლა სურს და კლუბები ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ.

დი მარციოს ცნობით, ლუკაკუს ანაზღაურება “ნაპოლიში” ბონუსების გარეშე 6 მილიონი ევრო იქნება. “პარტენოპეი” კი კვარაცხელიას ამ მომენტისთვის 5.5 მილიონ ევროს სთავაზობენ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით “ნაპოლისა” და პსჟ-ს შორის დასკვნითი მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში გაიმართება.

AreaNapoli Sky Sport-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პსჟ-ს ვიქტორ ოსიმენის შეძენა უნდა, მაგრამ 130 მილიონი ევროს გამოსასყიდის გადახდას არ აპირებს.

ოსიმენის წარმომადგენელი რობერტო კალენდა “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობას შეხვდა, მაგრამ მას უთხრეს, რომ ნიგერიელს მხოლოდ ფასდაკლებით შეიძენენ და მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, რადგან კლუბებს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან კონტაქტების გამო საუკეთესო არ არის და ახლა გამოჩნდება, მზადაა თუ არა “ნაპოლი”, ფინანსურ დათმობაზე წავიდეს.

სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, პარიზულმა კლუბმა “ნაპოლის” ოსიმენში თავიდან 70 მილიონი შესთავაზა, მოსალოდნელია, რომ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს და თუ შეთანხმება შედგა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არა მგონია თვითკმაყოფილებას მივეცეთ, დღეს მეტის მიღწევის სურვილია…

21-ე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები: ვინ არის პირველი და რომელი ქვეყანა და რომელი სახეობაა გამორჩეული