“ლეჩესთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტემ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებაზე (ლეჩეშია დაბადებული), გუნდში არსებულ სიტუაციაზე, “ინტერი”-“იუვენტუსის” (ორივე მისი ყოფილი კლუბია) მოახლოებულ დაპირისპირებაზე და კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა. ჩვენ ამ ბოლო ეპიზოდზე გავამახვილებთ ყურადღებას…
კონტე იმედოვნებს, რომ ქართველი შემტევი თავის მომავალს კვლავ “ნაპოლის” დაუკავშირებს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ მიუხედავად საკონტრაქტო სიტუაციისა, ნებისმიერ შემთხვევაში, მისგან სეზონის ბოლომდე მაქსიმალურ ძალისხმევას და კონცენტრაციას ითხოვს.
“კონტრაქტის გაგრძელების საკითხი გარკვეული დროის განმავლობაში განიხილება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მე ნუ მომთხოვთ დეტალებზე საუბარს, ეს სპორტული დირექტორის საქმეა, საბოლოოდ ისინი განიხილავენ ციფრებს…
ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ კვარა აძლევს გუნდს იმას, რასაც მისგან ვითხოვთ. ის კონცენტრირებულია ამ სეზონზე, სერიოზულია, პროფესიონალია, ლიდერია თავისი მაგალითით. ეს სეზონი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მოგვარდება და შეთანხმება მიღწეული იქნება.
ეს შეთანხმება კი ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. როგორც არ უნდა იყოს, ყველასგან ვითხოვ, რომ ამ სეზონის ბოლომდე საუკეთესოდ წარმოაჩინონ თავი. მე ვერ ჩავერევი იმაში, იქნება შეთანხმება თუ არა, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი იმაზე, რასაც ვაკეთებთ”.
შემდეგ კონტემ განმარტა, თუ რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ კვარაცხელია და დავიდ ნერეში ერთად მოხვდნენ ძირითად შემადგენლობაში.
“წინა პრესკონფერენციაზეც მეკითხებოდით “კვარასა” და ნერეშზე. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ როცა თამაშობთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ბლოკავს ხუთ არხს, აუცილებელია ვინგერი გადაადგილდეს ნახევარდაცვაში, როგორც პოლიტანო, ან ნახევარმცველმა ჩამოიწიოს სიღრმეში, რათა შექმნას ხუთეული, როგორც სხვა გუნდები აკეთებენ ამას.
ასევე შეგვეძლო ლობოტკა ან გილმორი უფრო ღრმად გვეთამაშებინა, რომ არ ყოფილიყო მეტოქის რიცხვობრივი უპირატესობა. თუ გუნდები ამგვარად არ დაგვიპირისპირდებიან, მაშინ შესაძლებელია კვარაცხელიასა და ნერეშის ერთად დაყენება, მაგრამ ბალანსი ყველაფრის საფუძველია”.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings