ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში პირველი მატჩი ითამაშა და ახალი თავგადასავალი დაიწყო.
ქართველი ახალწვეულის სადებიუტო შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ არც თუ ძლიერ „რეიმსთან“ დაემთხვა, თუმცა პარიზელებმა მოგება ვერ შეძლეს – 1:1.
მატჩის დაწყებამდე ხვიჩა ქომაგების წინაშე წარადგნეს. მაგარი შეგრძნება იყო – ლეგენდარული სტადიონი ქართველის სახელს სკანდირებდა. წარდგენა დიდხანს არ გაგრძელებულა, კვარა მალევე მიბრუნდა გასახდელში.
ხვიჩამ თამაში აქტიურად დაიწყო. ბევრს მოძრაობდა, შეტევის გამწვავებას ცდილობდა, უკანაც ჩადიოდა. თანდათან გამოიკვეთა, რომ მარტო მარცხენა ფლანგზე არ თამაშობდა და შიგნითაც ხშირად იწევდა. მეორე ტაიმში კი სულაც ცენტრში დადგა, მარჯვნიდანაც შეუტია და გამოვიდა, რომ ის რამდენიმე პოზიციაზე მოსინჯეს. კვარაცხელია 83-ე წუთზე ასენსიომ შეცვალა.
პარიზელების გოლი კი ხვიჩას დამსახურებაა: საჯარიმოსთან მცველებს ეფექტურად გასცდა, თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა და პირველი საგოლე პასი შეასრულა. უსმან დემბელემ რიკოშეტიდან გაიტანა.
ამის შემდეგაც იყო რამდენიმე ეფექტური ეპიზოდი: ქუსლით თამაში იქნებოდა თუ ბურთის ფეხებშუა გატარება.
შეფასებები: Flashscore – 7.3; Sofascore – 6.9; Whoscored – 6.9.
პსჟ – რეიმსი 1:1
გოლები: 1:0 დემბელე (47), 1:1 ნაკამურა (56)
პსჟ 19 ტურის შემდეგ 47 ქულით 1-ელ ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 30 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე, „შტუტგარტის” წინააღმდეგ გამართავს. ამ მატჩს კვარაცხელია ვერ ითამაშებს, რადგან სალიგო განაცხადში არ არის.
GIPHY App Key not set. Please check settings