დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებული მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის პირველი კურსი, რომელშიც ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
კურსი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და შექმნილი იყო განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მინიმუმ 10 თამაში აქვთ ჩატარებული, ეროვნული გუნდის ღირსებას მინიმუმ შვიდი წლის განმავლობაში იცავდნენ და კურსის დაწყებამდე შეუსრულდათ ან სწავლის პერიოდში უსრულდებოდათ 30 წელი.
კურსზე სწავლობდნენ ეროვნული გუნდის და „დინამო თბილისის“ მოქმედი მეკარე, გიორგი ლორია, „ჯვაროსნების“ კაპიტანი, გურამ კაშია და ვიცე-კაპიტანი, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ქვილითაია, ლევან მჭედლიძე, სანდრო კობახიძე, გოგიტა გოგუა, ლევან ყენია (გერმანიაში თამაშობს და მუშაობს), გიორგი ნავალოვსკი, ლადო დვალიშვილი, ჯაბა კანკავა. მათ საშუალება მიეცათ C ლიცენზიის გარეშე გაევლოთ B+A კატეგორიის კურსი და გახდნენ უეფა-ს A ლიცენზიის მფლობელები.
„კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დარჩენა მინდა. გვსურს, რომ ქართულ ფეხბურთს გამოვადგეთ და გამოვიყენოთ ეს საშუალება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ მოგვცა. ასაკში მყოფი მოთამაშეები ვართ და ფეხბურთი ყველას გვიყვარს. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომ საშუალება მოგვცა საქმე ამ კურსით წინ წაგვეგდო. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სწავლება იყო. მადლობა ყველა ტუტორს. დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი რამე სხვანაირად აღვიქვით. ძალიან სასიამოვნო იყო მათთან მუშაობა“, – ამბობს საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings