in

კალათბურთელებმა ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს: საქართველო ღირსების ორდენზე წარადგინეს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანიის ძლევით ევრობასკეტი 2025-ის საგზური მოიპოვა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან გამართული შეხვედრა შეაფასა.

„რთულ მატჩს ველოდით. ამ სანაკრებო პაუზის დროს ერთ-ერთ საუკეთესო მცველებთან, ლიუნდბერგთან და შილდსთან მოგვიხდა დაპირისპირება, ახლა მსგავსი უკანახაზელები არავის ჰყავს ევროპაში. დანიასთან გასვლაზე მარცხი ჩვენს ფარზე მათმა ბევრმა მოხსნამ განაპირობა, დღეს კი ამ პრობლემის გამოსწორება გვსურდა.

ქართველმა კალათბურთელებმა ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს. ბოლდუინი ვარჯიშზე დაშავდა და ჩემთვისაც რთული ამოსახსნელია, როგორ მოახერხეს მოთამაშეებმა დანიასთან მატჩზე ფოკუსირება, რადგან იცოდნენ, რომ ასეთი მნიშვნელობის ფიგურა დავკარგეთ.

ჯერ არ მიფიქრია, რომელ ქვეყანაში ვისურვებდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. სადაც წილისყრის შემდეგ მოვხვდებით, იქ ვიასპარეზებთ. რთული ჯგუფი გავიარეთ, ფინეთსა და სერბეთს ვეთამაშეთ, მაგრამ წარმატებას მაინც მივაღწიეთ“.

გადამწყვეტ მომენტში დუდა სანაძის მიერ ჩაგდებული სამქულიანითა და ორიანით საქართველოს ნაკრებმა დანია 62:60 დაამარცხა და ევრობასკეტი 2025-ის საგზური მოიპოვა.

„ამ მატჩის წინ ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით. გამოგვაკლდა გამთამაშებელი კამარ ბოლდუინი. 24 საათში მოვახერხეთ გადაწყობა და მოვიგეთ უმნიშვნელოვანესი მატჩი საქართველოს ნაკრების ისტორიაში.

ბოლო შეტევისას ორი კალათბურთელი თორნიკე შენგელიასკენ გადავიდა, ყველას კარგად ესმის, რა ძალაა თორნიკე და ამიტომ მის შეჩერებაზე გაკეთდა აქცენტი. თავისუფალ პოზიციაში აღმოვჩნდი და მიხარია, რომ გადამწყვეტი ქულები მე მოვიპოვე.

თუმცა მთავარი წვლილი ამ გამარჯვებაში ჩვენს გულშემატკივარს ეკუთვნის“.

თორნიკე შენგელია:

„გილოცავთ, საქართველო მეექვსედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. დანია ძალიან ორგანიზებული გუნდი იყო და გამარჯვება იოლად არ მოსულა, თუმცა ერთობლივი შრომით მონდომებითა და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრის მხარში დგომით დასახულ მიზანს მივაღწიეთ.

საოცარი გრძნობაა. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უფრო ძლიერი გუნდი იქნება“.

შენგელიას ხუთი ევრობასკეტი აქვს ნათამაშები, 2022 წელს თბილისური ჩემპიონატი მან ტრავმის გამო გამოტოვა.

2025 წლის ევრობასკეტი ევროპის ოთხ ქალაქში – რიგაში, ტამპერეში, კატოვიცესა და ლიმასოლში ჩატარდება. ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაშია დაგეგმილი, ხოლო კონტინენტის პირველობა 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.

სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობას: მიხეილ ბერიშვილს, დუდა სანაძეს, რატი ანდრონიკაშვილს, გოგა ბითაძეს, ალექსანდრე მამუკელაშვილს, კახაბერ ჯინჭარაძეს, ბექა ბექაურს, ლუკა ლიკლიკაძეს, გიორგი ტურძილაძეს, დავით კაკუშაძეს, ბექა ბურჯანაძეს, გიორგი ცინცაძეს, თადუს მაქფადენს, გიორგი კორსანტიას, ალექსანდრე ფევაძეს, ლუკა მაზიაშვილს, მათე ხატიაშვილს, კამარ ბოლდუინს, გიორგი ოჩხიკიძეს, ოთარ ფხაკაძეს, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, რევაზ როგავას, ჯოზეფ თომასონს.

ღირსების ორდენზე ასევე წარდგენილია საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი: ილიას ზუროსი, ალექსანდარ ჯიკიჩი, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა, გეორგიოს ლიმნიატისი, დავიდ დუფორი, ფილიპ მიჰაილოვიჩი, მარკო ესპოსიტო, ირაკლი შიოშვილი, ნიკოლოზ ცინცაძე. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა: ფედერაციის პრეზიდენტი – ვიქტორ სანიკიძე; ფედერაციის გენერალური მდივანი – ლაშა გამყრელიძე; ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – დავით საყვარელიძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა.

სპორტის დარგში გამორჩეული მიღწევისა და გაწეული ღვაწლისთვის სახელმწიფო ჯილდოზე – ბრწყინვალების ორდენზე წარდგენილნი არიან საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრები: ორგზის ევროლიგის გამარჯვებული და ორგზის ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი შერმადინი; 2019-2020 წლების კალათბურთში ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული – თორნიკე შენგელია.

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოების მიზნით პრეზიდენტს წარუდგინეს საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების პერსონალი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გავედით: საქართველო ევროპაზეა – გვანერვიულეს, მაგრამ ზედიზედ მეექვსედ

გოჩოლეიშვილს და კოპენჰაგენს არ გაუმართლა, მიქაუტაძეს მომდევნო ეტაპზე: ევროტურნირების წილისყრის შედეგები