„ბაიერნს“ ასეთი რამ არ სჩვევია, ისეთი რამ დაემართა, რაც შესაძლოა ათწლეულებში ერთხელ მოხდეს: რეკორდმაისტერმა ერთ ტაიმში 4 გოლი გაუშვა. ჯერ იყო და ლევანდოვსკიმ გახსნა ანგარიში, მაგრამ მერე ნახევარ საათში (14-44 წთ) „ბოხუმმა“ მისთვის ისტორიული და სამარიაჟო საქციელი ჩაიდინა. “ბაიერნმა” 2010 წლის შემდეგ პირველად წააგო მეორე ბუნდესლიგიდან გადმოსულ გუნდთან, ხოლო პირველ ტაიმში 4 გოლი 1975/76 წლების სეზონშიც გაუშვია.
ბავარიელთა ფეხის დაცდენები (ბოლო 5 მატჩში მეორე წაგება) ნეიტრალური ქომაგისთვის ცუდი არ არის, გარკვეული პერიოდი მაინც შენარჩუნდება ინტრიგა, მაგრამ ამისათვის კონკურენტებმაც უნდა იმარჯვონ.
მთავარმა მდევარმა კი მოიგო. დორტმუნდის “ბორუსიას” დიდი პრობლემები არ შექმნია ბერლინში “უნიონთან”, რომელმაც ზედიზედ მეორედ წააგო, იქამდე კი დიდებული სერია ჰქონდა. მარკო როისის საკმაოდ მალე გატანილმა დუბლმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ლიდერთან ჩამორჩენა ისევ 6 ქულა გახდა.
ძალიან მაგრად ათამაშდა ლევერკუზენის „ბაიერი“, ზედიზედ მეოთხედ მოიგო, თანაც ბოლო სამი მატჩია 14 გოლი შეაგდო, მაგრამ „ბაიერნამდე“ მაინც შორია (11 ქულა), ამიტომ საჩემპიონო ამბიციებზე მეტად ფარმაცევტები უფრო ოთხეულში ადგილს იმყარებენ.
ასევე კარგია „ლაიპციგიც“, რომელიც წინა ტურში მიუნხენურ გიგანტთან დამარცხდა (შეეძლო არც წაეგო), თორემ ისე სულ იგებდა და ეტყობა უბრუნდება ამ კალაპოტს.
სერიოზული ამბებია მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში. თავად განსაჯეთ: 34 ქულა აქვს ერთბაშად 4 გუნდს (“ლაიპციგი”, “ფრაიბურგი”, “ჰოფენჰაიმი”, “უნიონი”), 32 ქულა აქვს “კიოლნს”, ხოლო 31-31 “მაინცს” და “აინტრახტს”.
წინა ტურში წააგო გამოჯანმრთელებულ „ვოლფსბურგთან“ (ზედიზედ მეორედ მოიგო და გასავარდნი ზონიდან გავიდა), თორემ ისევ მოიგო და წაუგებელ ან მოგებათა სერიას განაგრძობს აუტსაიდერი „ფიურტი“, რომელიც ჯერ მაინც 9 ქულაშია სამშვიდობოსთან, მაგრამ ასე თუ გააგრძელა, გადარჩენის შანსი უთუოდ გაჩნდება. ისე კონკურენტებსაც გააჩნიათ, აგერ მის ზემოთ მყოფმა „შტუტგარტმა“ ზედიზედ 4-ჯერ წააგო.
“ბოხუმმა” პირველად მოუგო “ბაიერნს” 2004 წლსი შემდეგ.
ლევანდოვსკიმ „ბაიერნში“ 37 გოლი გაიტანა ამ სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში.
ნაგელსმანი: „ბაიერნს“ ჰქონდა გეგმა, მაგრამ ვერ იმუშავა. ვულოცავ „ბოხუმს“ დამსახურებულ გამარჯვებას“.
ტედესკოს „ლაიპციგში“ 6 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება აქვს 9 მატჩში.
გლადბახის “ბორუსიამ” შეწყვიტა შინ 4-მატჩიანი წაგებათა სერია და ნოემბრის მერე საკუთარ სტადიონზე პირველად მოიგო.
“ფრაიბურგის” პეტერსენს შეცვლაზე შესვლის შემდეგ 31 გოლი აქვს გატანილი, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
“ჰერტას” 2022 წელს ჯერ არ მოუგია.
ლევერკუზენის “ბაიერს” 22 მატჩში 58 გოლი აქვს გატანილი, რაც ამ გუნდის რეკორდია.
ბუნდესლიგა – XXII ტური
ლაიპციგი – კიოლნი 3:1
გლადბახი – აუგსბურგი 3:2
ბოხუმი – ბაიერნი 4:2
აინტრახტი – ვოლფსბურგი 0:2
ფრაიბურგი – მაინცი 1:1
ფიურტი – ჰერტა 2:1
ლევერკუზენი – შტუტგარტი 4:2
უნიონი – დორტმუნდი 0:3
ჰოფენჰაიმი – არმინია 2:0
GIPHY App Key not set. Please check settings