საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით არაერთი ძლიერი იტალიური კლუბია დაინტერესებული – “იუვენტუსი”, “მილანი”, “რომა”, “ატალანტა”… შესაძლებელია, გარიგება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდეც შედგეს. ამ საკითხთან დაკავშირებით იტალიაში იმყოფება საბას მენეჯერი ლევან მჭედლიძე.
მალე ვნახავთ, გადავა თუ არა “ემპოლისა” და საქართველოს ნაკრების მცველი ახალ კლუბში. ამ ეტაპზე კი შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ იზრდება მისი ტრანსფერის შანსი “იუვენტუსში”.
ფაქტია, ტურინულ კლუბს საუკეთესო დროება არ უდგას. ტიაგო მოტას მიერ გაწვრთნილი გუნდი სერია A-ში მე-5 ადგილზეა. ამას თან ერთვის საკადრო პრობლემები, რომელიც განსაკუთრებით დამძიმდა “ბენფიკასთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ…
მოგეხსენებათ, ტურინული გრანდი შინ 0:2 დამარცხდა. იტალიური კლუბის დაცვამ ამ მატჩში მართლაც საშინელი შთაბეჭდილება დატოვა. მარცხთან ერთად, “იუვეს” სამწვრთნელო შტაბი ძალიან შეაშფოთა “მილანის” ყოფილი მცველის, პიერ კალულუს ტრავმამ. ახალგაზრდა უკანახაზელმა კუნთი დაიზიანა და, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
ამ დროისთვის “იუვენტუსის” დაცვაში ერთადერთი ჯანმრთელი ფეხბურთელი ცენტრალური მცველი ფედერიკო გატი დარჩა. სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებენ ბრემერი და ხუან კაბალი, რაც შეეხება დანილოს, “ბებერმა ქალბატონმა” თავად გაწყვიტა კონტრაქტი გამოცდილ ბრაზილიელ მცველთან, კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.
სულ ცოტა ხნის წინ “იუვეს” ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ კლუბისთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო, მაგრამ შექმნილ ფორსმაჟორულ ვითარებაში, ტურინელები, წესით და რიგოით, აუცილებლად ეცდებიან ახალი მცველის დამატებას. თემას გამოეხმაურა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა, რომელიც წერს:
“უარეს შემთხვევაში კალულუ ვერ ითამაშებს ერთი თვის განმავლობაში. გარდაუვალია სატრანსფერო ბაზარზე დაბრუნება. სულ ცოტა, ჩვენ ვნახავთ ამის მცდელობას. გოგლიჩიძე და კრისტიანსენი საინტეერესო კანდიდატები არიან. ქართველი მცველი უფრო იაფი ვარიანტია. ამ ეტაპზე ტოდიბოსა და კელის ტრანსფერებზე ტურინელთა სურვილს უარით უპასუხეს”, – წერს ჩვენი იტალიელი კოლეგა.
20 წლის გოგლიჩიძე “ემპოლიში” გასულ წელს გადავიდა. მას უთამაშია საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩი ჩაატარა. გოგლიჩიძე ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და იტალიაში გადასვლამდე “ტორპედოს” ღირსებას იცავდა.
ცხადია, თუ “იუვენტუსში” ტრანსფერი შედგა, ეს იქნება კიდევ ერთი გარიგება ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ბოლოდროინდელ ისტორიაში და ის თამამად შეგვიძლია დავაყენოთ ხვიჩა კვარაცხელიას “პარი სენ-ჟერმენში” და გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულში” ტრანსფერების გვერდით!
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings