1993-94 წლების სეზონის შემდეგ, მეორედ საქართველოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე გახდა.
გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვით, 2021-22 წლების სეზონის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. დაჯილდოება „სტამბაში“ შედგა. დამსწრეთა შორის იყვნენ – თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტარები, გულშემატკივრები, ბიზნესმენები და ჟურნალისტები…
„სარბიელმა“ 75 სპორტული ჟურნალისტი გამოკითხა, რომლის შედეგების მიხედვით მამარდაშვილი 163 ქულით პირველი იყო. საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ 10 ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ხვიჩა კვარაცხელიას (153), ხოლო მესამეობა თურქული „ჰატაის“ ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს (52) ერგო.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრიზი. ალბათ უფრო იმის დამსახურებაა, რომ სხვებზე ადრე მოვხვდი ტოპ-ლიგაში. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ პრიზს იმსახურებენ და მომავალში მიიღებენ. ახლა ის დამრჩენია, რომ მიღწეულზე არ დავკმაყოფილდე და სხვა პრიზები მოვიგო. მადლობა „სარბიელს“, მადლობა ჟურნალისტებს ასეთი დაფასებისთვის“, – განაცხადა საზეიმო ღონისძიების შემდეგ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელმა.
სეზონის დებიუტანტად „სარბიელმა“ გიორგი წიტაიშვილი დაასახელა და ექსკლუზიურად დამზადებული პრიზიც გადასცა (ხვედელიძის ფიგურა ბაადურ წულაძის ცნობილი ფილმიდან „ფეოლა“). პრიზი გიორგის მამამ, ასევე ყოფილმა ფეხბურთელმა კობა წიტაიშვილმა ჩაიბარა.
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოება 1992-93 წლების სეზონიდან ტარდება. პირველი გამარჯვებული გიორგი ქინქლაძე გახლდათ, ხოლო ყველაზე მეტჯერ პრიზი კახა კალაძეს ერგო, ის 4-გზის გამარჯვებულია. 1995 წელს კი საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების მეკარე აკაკი დევაძე დასახელდა.
ჟურნალისტებმა თავიანთი რჩეულები მაისში, ანუ სეზონის ბოლოს პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით დაასახელეს. ადრეც ყოფილა და ამჯერადაც არის შემთხვევა, როცა კოლეგამ ნომინანტთა შორის ერთი ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის სისტემა მარტივია – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამე – 1. ქულები ჯამდება, შედეგები კი საჯაროა.
მამარდაშვილს 75-დან 38-მა ჟურნალისტმა მიანიჭა პირველი ადგილი. კვარაცხელიას 30-მა.
ნომინანტთა შორის სულ 18 ფეხბურთელია, მათგან მხოლოდ ხუთი თამაშობდა ეროვნულ ლიგაში და ხუთივე “ბათუმში”. სადღეისოდ კი მხოლოდ სანდრო ალთუნაშვილი და ფლამარიონი, დარჩნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings