‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასის მესამე ტურში საფრანგეთის ტოპ 14-ის ‘მონტობანი’ მისსავე „სტად საპიაკიზე“ 31:28 დაამარცხა და პირველად ისტორიაში, 4 და მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც მოიპოვა.
‘შავი ლომი’ მესამე წელია ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ტურნირში მონაწილეობს და გასულ სეზონებში თითო-თითო გამარჯვების მოპოვება მოახერხა (უელსურ ‘სქარლეთსთან’ და ფრანგულ ‘ვანთან’), თუმცა აქამდე არასდროს აუღია შეტევის ბონუსი. ამასთან, საფრანგეთში მოპოვებული გამარჯვებით გუნდი ინარჩუნებს პლეი ოფში გასვლის რეალურ შანსს და ამისათვის აუცილებელია, რომ 17 იანვარს „მიხეილ მესხზე“ იტალიური ‘ძებრე’ უცილობლად დაამარცხოს.
იტალიელი მარკო ბორტოლამისთვის ეს იყო სადებიუტი მატჩი ‘შავი ლომის’ მწვრთნელის რანგში, რომელსაც გუნდის მომზადებაში ილია მაისურაძე და ლადო კილასონია ეხმარებოდნენ. თამაშს დაესწრო გუნდის მომავალი მთავარი მწვრთნელი პიერ-ანრი ბრონკანიც, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ გულშემატკივრის რანგში.
ბორტოლამის გარდა ‘შავ ლომში’ გიგა კობახიძის დებიუტიც შედგა, რომელიც შეცვლაზე მეორე ტაიმში შევიდა.
მთლიანობაში, ‘შავმა ლომმა’ მეტოქეს გაუტანა 5 ლელო, საიდანაც ორილუკა ცირეკიძის ანგარიშზეა, თითო-თითო აკაკი ტაბუცაძისა და გიორგი სინაურიძის, საჯარიმო ლელო კი ჩვენმა მოლმა გამოიმუშავა. ორი გარდასახვა გაიტანა და ‘შავ ლომში’ საკუთარი ანგარიში გახსნა ლუკა თაყაიშვილმა.
შესანიშნავი 45 წუთი
‘შავმა ლომმა’ მატჩის პირველი ტაიმი და მეორეს დასაწყისი შესანიშნავად ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს საწყის 40 წუთში ქარის წინააღმდეგობის დაძლევაც უწევდა, ის სრულად დომინირებდა, ფლობდა ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას და ეს შედეგზეც აისახა. კარგი იყო როგორც დერეფანი და შერკინება, ასევე დაცვა და ხელდახელ თამაში.
მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, თუმცა აგრესიული დაცვით მათი მონდომება ჩავაცხრეთ და მე-7 წუთზე ანგარიში გავხსენით. ცენტრიდან დაწყებული შეტევის შემდეგ ფაზები ავკინძეთ და 22-ს ვუწიეთ, სადაც წინსვლა შეგვიყოვნდა. აქ კარგად ითამაშა მიხეილ ბაბუნაშვილმა, რომელმაც რაქიდან მოულოდნელად შეუტია და შემდეგ ფაზაში თორნიკე კახოიძემ ლელოში შესვლა მოახერხა, მაგრამ იქ ბურთი ჩაუხურეს. სამაგიეროდ კარის წინ 10 მეტრში დაგვიბრუნდა ჯარიმის უპირატესობა, თენგიზ პერანიძემ ის სწრაფად გაათამაშა და ლუკა ცირეკიძე მოძებნა, რომელიც ბოჭვის მიუხედავად ფეხზე დარჩა, ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა.
თამაში ქართველების დომინირებით გაგრძელდა. ჯარიმა კარში რომ არ დავარტყით და 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შევუტიეთ, ვასილ კაკოვინს ლელოში ბურთი ჩაუხურეს, 22-ე წუთზე კი, როდესაც თითქოს თამაში გაჩერებული იყო, მეტოქემ ყველასგან მოულოდნელად ჯარიმიდან ბურთი ფრთაზე გადაკიდა და… ლელო ჩაითვალა. ამას ზუსტი გარდასახვაც მოყვა.
‘შავმა ლომმა’ ამას 27-ე წუთზე უპასუხა. მოლიდან ბურთი ირაკლი ქვათაძემ გაიტანა და პერანიძეს გადააწოდა, რომელმაც თითების ერთი შეხებით ის აკაკი ტაბუცაძისკენ გაგზავნა და მანაც გუნდის კვართით თავისი 26-ე ლელო გაიტანა. 35-ე წუთზე მეტოქე შერკინებაში მეოთხედ დავაჯარიმეთ, 5-მეტრიანი მოლი დავძარით და ამჯერად მეტოქე საჯარიმო ლელოთი დაისაჯა.
მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა ლუკა თაყაიშვილმა ბურთი კარგად წამოიღო და ცენტრის სიახლოვეს ფეხით ითამაშა, რასაც 50/22-ზე ზედ 5-მეტრიანთან მოყვა, დერეფნიდან დაყენებულ მოლს კი მოულოდნელად გიორგი სინაურიძე მოწყდა და ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა. 4 წუთში იერიში უკვე სანდრო თოდუამ წამოიწყო, ის პერანიძემ გააგრძელა და ბოჭვის მიუხედავად ცირეკიძეს ოფლოუდი გაუხერხა, რომელმაც თავისი მეორე ლელო ძელებსშუა გარდასახა. თაყაიშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა – 31:7.
ამის შემდეგ მასპინძლები უკიდურესად გააქტიურდნენ და ძალიან დიდ წნეხში მოგვაქციეს. მიუხედავად იმისა, რომ რიგ ეპიზოდებში თავის დაცვა მოვახერხეთ, ‘მონტობანმა’ მაინც შეძლო 3 გარდასახული ლელოს გატანა და სხვაობის 3 ქულამდე დაყვანა, თუმცა დასკვნით წუთებში ‘შავი ლომი’ ბურთს გაუფრთხილდა და დამსახურებული, ისტორიული გამარჯვება იზეიმა – 31:28.
‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 17 იანვარს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ იტალიური ‘ძებრეს’ წინააღმდეგ გამართავს. თუ როგორი იქნება ფლეი ოფში გასვლის შანსები, იმაზეა დამოკიდებული, როგორ ითამაშებენ ჩვენი კონკურენტები მესამე ტურში. შეგახსენებთ, 11 იანვარს ‘კონახტი’ სტუმრად ‘მონპელიეს’ ეთამაშება, ხოლო ‘ძებრე’ შინ ‘ოსფრიზს’ მასპინძლობს.
ამ მომენტისთვის ‘შავი ლომი’ 3 თამაშიდან 5 ქულით მე-5 ადგილზეა. ორი თამაშის შემდეგ 5 ქულა აქვს მეოთხე ადგილზე მყოფ ‘ძებრეს’, ხოლო ‘კონახტი’ 6 ქულით მე-3 პოზიციაზეა. ფლეი ოფში ჯგუფიდან 4 მოწინავე გადის.
2025/2026 წლების ჩელენჯ თასი
პირველი ჯგუფი. მესამე ტური
10 იანვარი. შაბათი.
მონტობანი. „სტად საპიაკი“. 4 150 მაყურებელი
შავი ლომი (საქართველო) – მონტობანი (საფრანგეთი) 31:28 (17:7)
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1.ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. გიგა კობახიძე, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. შალვა აფციაური.
5 ლელო: ცირეკიძე (1, 5), ტაბუცაძე, საჯარიმო, სინაურიძე
2 გარდასახვა: თაყაიშვილი



GIPHY App Key not set. Please check settings