საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის წინ ბოლო ამხანაგური შეხვედრა სტუმრად ჩეხეთთან ჩაატარა და წააგო – 87:100 (27:28, 15:27, 26:26, 19:19).
ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებლად 7 მატჩი ითამაშა და ყველა წააგო.
ჩეხეთთან შეხვედრაში საქართველოს ვერ ეხმარებოდა თორნიკე შენგელია, რომელიც გუნდს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში შეუერთდება. ასევე არ ითამაშა გოგა ბითაძემ, ის დაასვენეს.
ჩვენი სასტარტო ხუთეული ასეთი იყო:
ბოლდუინი, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე, მამუკელაშვილი, შერმადინი.

შეხვედრის პირველ მეოთხედში ქართველი კალათბურთელები მეტოქეს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ, ხოლო ჩეხეთმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 27:15 მოიგო. ზოგადად კი პირველი ტაიმი 42:55 დავთმეთ.
მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა მოუმატა, თუმცა ორივე მეოთხედი ფრედ დასრულდა (მესამე 26:26 და მეოთხე – 19:19) და მეტოქეს ვერ დაეწია.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთმა 15 სამქულიანი ჩააგდო.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო –22 ქულა (პლუს 7 მოხსნა), 14 ქულა ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს, 13 – გიორგი შერმადინს, ასევე 13 – დუდა სანაძეს, ხოლო 8 – რატი ანდრონიკაშვილს.

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთთან ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings