in

ისევ ის დილა უნდა გათენდეს: გორმა ბოლო წამზე წააგო და მოგება შეუძლია

გორის „დილა“ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად (ოღონდ პოლონეთში) უკრაინულ „ვორსკლას“ შეხვდა და ბოლო წამებზე 1:2 დამარცხდა.

გავიხსენოთ, რომ პირველ ეტაპზე პირველი თამაში „დილამ“ ასევე 1:2 წააგო სტუმრად „დუნაისკა სტრედასთან“ და მერე შინ შეძლო თამაშის მოტრიალება. ახლაც იგივეს ველით, მით უმეტეს, რომ გამოჩნდა, რომ ბრძოლა და მოგება „ვორსკლასთანაც“ შეიძლება.

გორელები არაფერში ჩამოუვარდებოდნენ მეტოქეს, ბურთიც ეჭირათ და პრესინგსაც თამაშობდნენ, რითაც სახიფათო იერიშების საშუალებას არ აძლევდნენ.
ჩვენებს ერთი კარგი მომენტიც ჰქონდათ – ტიერი გეილმა ფლანგზე იყოჩაღა, სახიფათოდ ჩააწოდა აჯარიმოში, სადაც კოვტალიუკი კარგად გაიხსნა, მაგრამ ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

თუმცა, უკრაინელმა ლეგიონერმა მეორე ტაიმში შანსი გამოიყენა. 57-ე წუთზე „დილამ“ მარჯვენა ფლანგიდან სწრაფი კონტრშეტევა განავითარა და კოვტალიუკმა ახლოდან ზუსტი დაარტყმით გორელები დააწინაურა.

ამის მერე ლოგიკურია „ვორსკლა“ რისკზე წავიდა – სიხისტეს და სისწრაფეს მოუმატა, თუმცა ბევრს ვერაფერს ქმნიდა. თანაც დამაჯერებელი იყო ჩვენი უკრაინელი მეკარე.

სამწუხაროდ, 73-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. „ვორსკლას“ ბრაზილიელი ფელიპე როდრიგესი პირისპირ აღმოჩნდა მეკარესთან და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
მსაჯის წამატებული დროც იწურებოდა, თამაშის დამთავრებას აღარაფერი აკლდა, როდესაც კანემ საჯარიმოს ხაზიდან ეფექტური დარტყმით ბურთი მაღალი ტრაექტორიით გაუშვა და ცხრიანში ჩაეშვა.

განმეორებითი მატჩი გორში 3 აგვისტოსაა და გორში ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ერთად უნდა იყოჩაღონ.

კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
ვორსკლა (პოლტავა, უკრაინა) – დილა (გორი, საქართველო) 2:1
27.07. ტიხი (პოლონეთი). სტადიონ მიესკი
0:1 კოვტალიუკი (57. ჟან ვიქტორის პასით), 1:1 ფელიპე როდრიგესი (73. სტეპანიუკის პასით), 2:1 კანე (90+3)

ვორსკლა: ისენკო – პერდუტა, ჩესნოკოვი, სანტანა (83. ხრიპჩუკი), კრუპსკი – ფელიპე როდრიგესი, პავლიუკი, იურჩენკო (74. ნესტერენკო), კანე – სტეპანიუკი, ჩელიადინი (74. სკლიარი)

დილა: კუჩერენკო – ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, ვანდერსონ სილვა – ჟან ვიქტორი (69. ანდრონიკაშვილი), ალეფ სანტოსი, ფარულავა (69. სარდალიშვილი) – გომისი (80. ს. კუხიანიძე), გეილი (74. მზვაკალი), კოვტალიუკი
სათადარიგოები: ჩიკაშუა – ასამოა, ეტუ, გაფრინდაშვილი
მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

გაფრთხილება: ჩესნოკოვი (34), ფელიპე როდრიგესი (39), თევზაძე (56), ანდრონიკაშვილი (90+3), კოვტალიუკი (90+5), პავლიუკი (90+5), ძოწენიძე (90+5)

არბიტრი: ნ. პოპოვი (ბულგარეთი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქუთაისის ევროპა დამთავრდა: ყაზახეთი გადაულახავი ბარიერია – ვიდეო

სხვა გზა არ დაგვრჩენია: რატომ წააგო ტორპედომ და რას აპირებს ყაზახეთში