საჩემპიონი რბოლა გრძელდება: ჯერ „ლივერპულმა“ მოიგო თავისი ძალიან რთული თამაში ნიუკასლში, მერე „სიტიმ“ ბევრად დამაჯერებლად და იოლად ჩაიჯიბა კუთვნილი 3 ქულა ლიდსში და 4 ტურით ადრე სხვაობა „სიტის“ სასარგებლოდ ისევ 1 ქულაა. უპირატესობა „ქალაქელებს“ მარტო ქულაში არ აქვთ. მართალია პირობითი ნათქვამი უფროა, მაგრამ კალენდარიც „სიტის“ მხარესაა. თუნდაც მომდევნო ტურში მანჩესტერელები შინ ნახსენებ „ნიუკასლს“ მიიღებენ, ხოლო „ლივერპულს“ კაი გვარიანი ბრძოლა მოუწევს ოთხეულისთვის მებრძოლ „ტოტენჰემთან“. თანაც ეს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი საგარეო თამაშისა და მოგზაურობის შემდეგ. თუმცა ესპანური ვოიაჟი „სიტისაც“ ხომ უწევს.
კაი ამბები დატრიალდა ლივერპულში, ოღონდ მეორე გუნდისთვის. გადარჩენისთვის მებრძოლმა „ევერტონმა“ რთულ შეხვედრაში მოუგო „ჩელსის“. ახლა „ევერტონი“ კი არის გასავარდნ ზონაში და 2 ქულით ჩამორჩება მის წინ მყოფ „ბარნლისა“ და „ლიდსს“, მაგრამ ორივეზე 1 თამაშით ნაკლები აქვს გამართული. მოკლედ, ქვედა გუნდებს თავიანთი ფინალები აქვთ სათამაშო.
ყოჩაღ „არსენალი“. იმსახურებს ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას. ერთი პერიოდი მცირე ჩავარდნის შემდეგ, „მეთოფეები“ ისევ მოღონიერდნენ და კაი გვარიანი გასროლაც გამოუვიდათ. თავად განსაჯეთ: „არსენალს“ ზედიზედ 3 მოგება აქვს – „ჩელსისთან“, „მანჩესტერთან“ და „ვესტ ჰემთან“. მოკლედ, „მეთოფეები“ მე-4 ადგილს დაუბრუნდნენ და მთავარი სადარდებელი მოძულე მეზობელი „ტოტენჰემია“, რომელიც 2 ქულით ჩამორჩება. სხვათა შორის, ბოლო ცუდი შედეგების შემდეგ, არც „ჩელსის“ პოზიციებია ნამეტანი ურყევიც, „არისტოკრატები“ „არსენალს“ 3 ქულით უსწრებენ.
აი „მანჩესტერი“ კი მე-4 ადგილს 8 ქულით ჩამორჩა 3 ტურით ადრე. „არსენალს“ კიდევ ერთი თამაშითაც ნაკლები აქვს ჩატარებული.
„ჩელსიმ“ ბოლო 4 მატჩიდან 1 მოიგო ჩემპიონატში.
ტუხელი: „ინდივიდუალური შეცდომები არ მთავრდება. „ჩელსი“ არ ყოფილა ტოპ დონეზე“.
„ნორვიჩი“ გავარდა პრემიერლიგიდან 2-ჯერ ბოლო 3 სეზონში.
კლოპი: „ვფიქრობ, ეს ტოპ-კლასის თამაში იყო განსაკუთრებულად რთულ ვითარებაში. ამიტომ მართლა ბედნიერი ვარ. 100%-ით დავიხარჯეთ გუნდთან, რომელიც მშვენიერ ფორმაშია. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმე. ეს არის არაჩვეულებრივი ადგილი არაჩვეულებრივი ხალხით“.
გვარდიოლა: „სიტი“ ბევრჯერ ყოფილა მსგავს სიტუაციაში. ვერ მოვიგებთ ყველა მატჩს – „ლივერპული“ გახდება ჩემპიონი“.
პრემიერლიგა – XXXV ტური
ნიუკასლი – ლივერპული 0:1
ვულვერჰემპტონი – ბრაიტონი 0:3
უოტფორდი – ბარნლი 1:2
საუთჰემპტონი – კრისტალ პალასი 1:2
ასტონ ვილა – ნორვიჩი 2:0
ლიდსი – სიტი 0:4
ევერტონი – ჩელსი 1:0
ტოტენჰემი – ლესტერი 3:1
ვესტ ჰემი – არსენალი
ორშაბათი, 2 მაისი
მანჩესტერი – ბრენტფორდი
XXXVII ტური – 28 აპრილი
მანჩესტერი – ჩელსი 1:1
GIPHY App Key not set. Please check settings