ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ “ნაპოლის” “სალერნიტანასთან” გასვლაზე მოგებული მატჩი (2:0) ტელეკომპანია Kiss Kiss-ისზე, გადაცემა Radio Goal-ში შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზეც გააკეთა კომენტარი:
“რუდი გარსიას 6.5-ს დავუწერ. გუნდის თამაშში ზოგიერთ ასპექტში გაუმჯობესება დავინახე. ვგულისხმობ პრესინგს და ბურთის ატანას. მომეწონა დაბალი დაცვიდან შეტევაში აწევა. თუმცა ბევრი რამ უკეთესობისაკენ უნდა შეიცვალოს.
“ნაპოლის” უკანა ხაზიდან იერიშებში გადასვლაში საუკეთესო ოლივეირა იყო (7). ძალიან მომეწონა ესტეგორი (6.5). რაჰმანი (6) და დი ლორენცოც (6) საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ. ნახევარდაცვაში ლობოტკამ (7) რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩაჭრა განახორციელა. ის ყველა სიტუაციაში ასრულებს თავის სამუშაოს.
თავდასხმა ძალიან კარგად გაისარჯა. ასე შევაფასებდი: რასპადორი 7.5, “კვარა” 7, პოლიტანო 6.5. ვიღაცამ თქვა, რომ ქართველმა ცუდად ითამაშა? მე დინების საწინააღმდეგოდ წავალ და საპირისპიროს ვიტყვი. ჩემი აზრით, კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. მისი მოქმედების შედეგად “სალერნიტანას” ეფექტურობა ორჯერ შემცირდა, თუ სამჯერ არა. ჩვენ ის მარტო გატანილი გოლების ან საგოლე გადაცემების გაკეთების გამო კი არ უნდა დავაფასოთ, არამედ იმისათვის, რა წვლილი შეაქვს საერთო საქმეში”.
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა იტალო კუჩიმ Radio Marte-ის ეთერში “ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველისთვის წლევანდელი სეზონი უფრო რთულია და ძველებური ფორმის აღსადგენად გარკვეული დრო დასჭირდება.
“სამწუხაროდ, კვარაცხელია ძველებურად ვეღარ ბრწყინავს. ეს სიმართლეა, თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს. მიხვდა, რომ ჩემპიონია, შარშან ის ამისთვის იბრძოდა, დღეს კი გამორჩეული ფეხბურთელია. იმის გაგება, თუ რა სჭირს კვარაცხელიას, სრულიად არ არის რთული. მთლიანად გუნდს სჭირდება გარსიას სტილთან ადაპტაცია”, – განაცხადა კუჩიმ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings