ევრო 2025-ის პირველი შეხვედრის (2:1) მოგების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს.
ყოჩაღ ბიჭებო: საქართველომ ევროპა მოგებით დაიწყო – ფოტო
საბა საზონოვი:
„ეს ჩემთვის ტრავმის შემდეგ მეორე შეხვედრა იყო – რუმინეთთან 45 წუთი ვითამაშე, პოლონეთთან კი სრულად – 90 წუთი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე შემიძლია მოედანზე გასვლა.
რვა თვეზე ოდნავ მეტი გამიცდა, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდა. ეს რთული პერიოდი იყო, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე, რომ სათანადო ფორმაში ვყოფილიყავი. პოლონეთთან შეხვედრამ კი აჩვენა, რომ სათამაშოდ ნამდვილად მზად ვარ.
ხარატიშვილის სეივები სტიმული იყო? ის შესანიშნავი მეკარეა, ძალიან მომწონს. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და, ზოგადად, გუნდში ასეთი დადებითი ატმოსფერო ძალიან მნიშვნელოვანია. მას ვენდობით და მისი იმედი გვაქვს.
მიხარია, რომ ასეთი გულშემატკივრები გვყავს – ისინი საუკეთესოები არიან. რეაბილიტაციის პერიოდში მუდმივად მწერდნენ და მამხნევებდნენ, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. მიხარია, რომ დღეს ისინი გავახარეთ“.
საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა ხარატიშვილი მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. მან გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, მათ შორის ბოლო წუთზეც, როდესაც კარის წინ დარჩენილ პოლონელ შემტევს გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.
ლუკა ხარატიშვილი:
„ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, რომ პირველი სამი ქულა მოვიპოვეთ. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ვართ და ამ წარმატებით ყველანი ბედნიერები ვართ.
რაც შეეხება ჩემს მიერ ბოლოს მოგერიებულ დარტყმას – ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. ბედნიერი ვარ, რომ გუნდის გამარჯვებაში წვლილი შევიტანე.
შემდეგი მატჩისთვისაც სრული სერიოზულობით მოვემზადებით, ზუსტად ისე, როგორც ამას დღემდე ვაკეთებდით. ჯერ ფრანგების თამაში დეტალურად არ გვინახავს, მაგრამ აუცილებლად განვიხილავთ მათ პლუსებსა და მინუსებს.
პენალტის დარტყმის წინ პოლონელ მოთამაშეს რაც ვუთხარი? აქამდე პენალტებს მათი შვიდი ნომერი ასრულებდა – ერთხელ შუაში დაარტყა და მაშინ გააცუდა. არ მეგონა, ახლაც იმავენაირად თუ შეასრულებდა, მაგრამ ვეუბნებოდი, „ვიცი, რას გააკეთებ“. საბოლოოდ, მაინც შუაში დაარტყა“, – აღნიშნა ხარატიშვილმა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, უეფა-ს ვერსიით, გიორგი მაისურაძე დასახელდა, რომელმაც მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა.
„გოლის დროს მეგონა, რომ ბურთი გადადიოდა, მაგრამ ფეხი მაინც მივარტყი და მიხარია, რომ გორდეზიანმა გაიტანა და მოვიგეთ. იმედია, ქართველ გულშემატკივრებს კიდევ გავახარებთ.
თავიდან გაგვიჭირდა, პირველად ვითამაშეთ ასეთ გუნდთან და არ დავმალავ, ცოტა დაბნეულები ვიყავით, მაგრამ მერე დავმშვიდდით და უფრო თამამად შევუტიეთ.
თამაშამდე მწვრთნელებმა მითხრეს, რომ ყვითელი ბარათი არ მიმეღო, მაგრამ ერთ ეპოზოდში ემოციები ვერე მოვთოკე და მსაჯმა გამაფრთხილა, რაზეც მწვრთნელმა შენიშვნა მომაცა და შევეცდები, შემდეგ თამაშში ასეთი რამ აღარ გავიმეორო“.

წარმატებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია: ვილი სანიოლი ახალგაზრდების თამაშზე იყო
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ივნისს საფრანგეთთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings