კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “იბერია 1999” სტუმრად ეთამაშა ესტონეთის საუკეთესო გუნდს, ტალინის “ლევადიას” და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 0:1.
ესტონელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, თუმცა კონტრშეტევაზე პირველი მომენტი მე-6 წუთზე ნიკა დადიანმა შექმნა, რომლის შორეული დარტყმა მეკარემ აიღო. მერე ვერც იური ტაბატაძისა და ამირან ძაგანიას მცდელობებმა მიაღწია მიზანს. ყველაზე რეალური შანსი მე-20 წუთზე ლუკა სილაგაძეს ჰქონდა, როდესაც ესტონელებმა თამაშგარე მდგომარეობის შექმნა სცადეს და თბილისელების გარემარბი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კვლავ მეკარემ იყოჩაღა.
შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში იყო, თუმცა უკეთ ჩვენები გამოიყურებოდნენ.
პირველი რეალური საგოლე მომენტი „იბერიას“ ჰქონდა: ჯგერენაიამ ტაბატაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ თავდამსხმელმა შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა.
გამოუყენებელი მომენტებისთვის საქართველოს ჩემპიონი მე-80 წუთზე დაისაჯა: ერნეტს აგირი მარჯვენა ფლანგზე მცველს გასცდა, საჯარიმოში შევიდა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და გაიტანა.

კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
ლევადია (ტალინი) – იბერია 1999 (თბილისი) 1:0
გოლი: 1:0 აგირი (80)
იბერია: მაკარიძე, ზოჰური, აგიაკვა, ჯგერენაია, ქობულაძე, ქარდავა, დადიანი (84. ვრბანეცი), კლასი (71. გოშთელიანი), სილაგაძე (84. თ. ახვლედიანი), ი. ტაბატაძე (85. სიხარულიძე), ძაგანია (85. რუშევიჩი)
გაფრთხილება: ტამბედუ (3), მავრეტიჩი (47), ქარდავა (73)
განმეორებითი შეხვედრა თბილისში 29 ივლისს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

GIPHY App Key not set. Please check settings