in

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ამ ქალაქის გმირები… ბათუმი მოგებას აპირებს, ტორპედო კვიპროსზეა

დღეს, ოთხშაბათს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ მონტენეგროს „დეჩიჩს“ უმასპინძლებს. მეტოქე უკვე ბათუმშია და წინასამატჩო ვარჯიში გამართა.

„დეჩიჩის“ მწვრთნელმა, მილორად პეკოვიჩმა საქართველოს ჩემპიონთან მოახლოებული შეხვედრისა და მოლოდინების შესახებ ისაუბრა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის „ნიუ სეინტსთან“ ჩატარებული მატჩი ახსენა (0:3, 1:1).

„ძლიერ მეტოქეს ვხვდებით, რაც „დინამომ“ „ლუდოგორეცთან“ მატჩში აჩვენა. ბულგარელებს ძალიან გაუმართლათ, რადგან ბათუმში ქართველებმა ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოიყენეს.

საქართველოს ჩემპიონი სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვითამაშოთ აგრესიულად, სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ და ვაჩვენოთ, რომ ამ დონეზე კონკურენცია შეგვიძლია.

ევროტურნირებზე თამაში მეტ სისწრაფეებს მოითხოვს, ვიდრე ჩემპიონატში ვართ შეჩვეულები. მჯერა, რომ ასეც იქნება და ძლიერ მეტოქესთან მოედნის ყველა მონაკვეთზე ვიბრძოლებთ.

უელსის ჩემპიონთან არ ვიყავით ისეთი სუსტები, როგორც შედეგიდან ჩანს. მეტოქემ ჩვენი შეცდომებით კარგად ისარგებლა. ამ ხარვეზებზე ბოლო დღეებში ვმუშაობდით. უელსელებთან წაგება „დინამოსთან“ მატჩამდე კარგი გაკვეთილი იყო და გამოგვადგება“, – ამბობს „დეჩიჩის“ მწვრთნელი.

ბათუმის „დინამო“ ოთხშაბათს კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის პირველ მატჩში მონტენეგროს ჩემპიონს საკუთარ სტადიონზე მიიღებს. „ბათუმი არენაზე“ მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ჩემპიონთან, „დეჩიჩთან“ მატჩამდე ბათუმის „დინამოს“ პორტუგალიელმა მეკარემ, რიკარდო სილვამ გულშემატკივრებს მიმართა და მოუწოდა, გუნდს მხარი დაუჭირონ.

„თქვენი, გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთი დიდი გამარჯვება ისევ ერთად ვიზეიმოთ, როგორც ეს ბოლო თამაშზე „ლუდოგორეცთან“ მოხდა. სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო. ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და იმედია, ახლაც იგივე განმეორდება. თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – განაცხადა რიკარდო სილვამ.

„დეჩიჩთან“ მატჩამდე ფეხბურთელები კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემაც გაამხნევა:

„ამ თამაშების მნიშვნელობა ყველამ კარგად ვიცით. ჩემი, როგორც ერთ-ერთი გულშემატკივარის გადასახედიდან ვამბობ, დიდი ხანია, არ გვქონია ასეთი შანსი, რომ წინ წავიწიოთ. ერთი იცოდეთ, თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ ამ ქალაქის გმირები. არ მინდა, რომ ეს შანსი ხელიდან გავუშვათ. თუ ჩვენ ისევე ვითამაშებთ, როგორც „ლუდოგორეცთან“, დარწმუნებული ვარ, მოგებასაც შევძლებთ. მე და მთელ ბათუმს სჯერა თქვენი“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.

ქუთაისის „ტორპედო“ კვიპროსზე გაემგზავრა, სადაც უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს „ომონიასთან“ გამართავს. მოახლოებულ შეხვედრაზე ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

ცოტნე ნადარაია: „პირველი ეტაპის გადალახვით გახარებულები ვართ. მეორე ეტაპზე ჩვენი მეტოქე, „ომონია“ კარგი გუნდია, მაგრამ „ტორპედო“ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის. გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ფეხბურთელები მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ“.

ნიკა სანდოხაძე: „ვიცით, რომ მეტოქე ძლიერი გუნდია და ყველა მაქსიმალური კონცენტრაციით ვემზადებით. ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაში გველოდება და ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ“.

გია მანჯგალაძე: „ალბანურ გუნდთან მოგებული თამაშის მერე გუნდში ამაღლებული განწყობაა. რთული თამაში იქნება იქიდან გამომდინარე, რომ „ომონია“ საკმაოდ ძლიერი გუნდია კარგი ლეგიონერებით. ჩვენ მათ საკუთარი თამაში უნდა დავუპირისპიროთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“.

„ტორპედო“ კვიპროსის ,,ომონიასთან” უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 25 ივლისს გამართავს. GSP სტადიონიდან მატჩის ტრანსლირება ქუთაისში, 100-საფეხურიან კიბესთან, 20:30 საათზე საგანგებოდ დამონტაჟებულ მონიტორზე მოეწყობა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოფიციალურად: აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა, გველესიანმა პერსეპოლისთან კონტრაქტი გააგრძელა

21-ე საუკუნეში ყველაზე კარგი მესია: ასწლეულის საუკეთესო ფეხბურთელები