საქართველოსთან ევროსასტარტო მატჩამდე თურქეთის ნაკრების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.
ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა იქაური ფეხბურთის ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრმა, ახლო წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, ჰამით ალთინთოფმა. მისი თქმით, საქართველოსთან მატჩში კიდევ ორი ფეხბურთელის თამაში გამოირიცხა.
“მხედველობში მყავს “ფენერბაჰჩეს” ორი ფეხბურთელი – მცველი ფერდი ქადიოღლუ და ნახევარმცველი ისმაილ იუქშექი. ერთი შეხედვით, ისინი 100 პროცენტით არიან მზად, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ისინი არ არიან ოპტიმალურ ფორმაში.
ერთი გადამწყვეტი თამაში რომ გვქონდეს დარჩენილი ევროპის ჩემპიონატზე, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ორივე გვეხილა მინდორზე, მაგრამ კონკრეტულ მოცემულობაში ამის აუცილებლობა არ არის.
ევროპის ჩემპიონატი ახლა იწყება. ამიტომ, უმჯობესია, ამ ფეხბურთელებმა საქართველოსთან შეხვედრაში დაისვენონ, ძალები აღიდგინონ და ამის შემდეგ დაგვეხმარონ მომავალ მატჩებში”, – აღნიშნა ალთინთოფმა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე თურქეთის ნაკრებს ტრავმების გამო დააკლდნენ ჩაღლარ სოიუნჯუ, ენეს იუნალი და ოზან ქაბაქი. კითხვის ნიშნის ქვეშაა ირფან კაჰვეჩის თამაშის საკითხი, რომელიც პოლონეთთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა.
…ამასობაში, თურქეთის ნაკრები ჰანოვერთან ახლოს ემზადება საქართველოსთან მატჩისათვის. თურქი ფეხბურთლები ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩს მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
იუსუფ იაზიჯი: “ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ახლა ბოლო დეტალების დახვეწა მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, სტარტს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.
ცხადია, ევროფორუმზე პირველ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველოსთან თამაში არის უმნიშვნელოვანესი როგორც მოტივაციის, ისე ჯგუფიდან გასვლის კუთხით. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ და, ვფიქრობ, ასეთი მიდგომა შედეგს გამოიღებს.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გერმანიაში ისე ვართ, როგორც სახლში. სადაც უნდა ვიყოთ, ჩვენი თანამემამულეები ყოველთვის ბოლომდე გვამხნევებენ. საკმარისია, აღინიშნოს, რომ ისინი ვარჯიშებზეც კი ბოლომდე ავსებენ ტრიბუნებს.
მე ვარ ამბიციური ფეხბურთელი და მჯერა, ევროპის ჩემპიონატზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. კი, არის ტერავმები, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ახლა ისღა დაგვრჩენია, გავიდეთ მინდორზე და ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობები”.
ბერტულ ილდირიმი: “თუ არ ჩავთვლით იმ ტრავმებს, რომელიც არის ნაკრებში, ყველაფერი მიდის შესანიშნავად. რამდენიმე მოთამაშე დავკარგეთ ევროპის ჩემპიონატის სტარტამდე და ეს ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს. მე ფორვარდი ვარ და მევალება გოლების გატანა. ამაზე ბევრს ვმუშაობ.
ევროპის ჩემპიონატის სტარტს მოუთმენლად ველოდებით. მაქვს წინათგრძნობა, რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩვენი ნაკრებისთვის. მთავარი ამოცანაა ჯგუფური ბარიერის დაძლევა, თუმცა მხოლოდ ეს არ დაგვაკმაყოფილებს. უფრო დიდი მიზნები გვაქვს, ოღონდ, ჯერ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ და ამ კუთხით საქართველოსთან მატჩი უმნიშვნელოვანესია”.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings