გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „ნიურნბერგის“ ოფიციალურმა გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა ლუკა ლოჩოშვილს, რომელიც გუნდში ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა.
„ლუკა ლოჩოშვილი, ერთ კვირაზე ცოტა მეტია, რაც „ნიურნბერგში“ ჩაირიცხა. გუნდთან ერთად სამხრეთ ტიროლში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა და „ბილეფელდის“ წინააღმდეგ პირველად ითამაშა. უფრო ახლოს გავიცნოთ ქართველი ცენტრალური მცველი.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, რომელიც ქვეყნის საუკეთესო საფეხბურთო აკადემიაა. იქიდან, კიევის „დინამოსა“ და „ჟილინას“ გავლით, „ვოლფსბერგერში“ მივიდა“.
„ჩემი შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელი იყო, რომ საქართველოს ლიგა დამეტოვებინა და უცხოეთში გადავსულიყავი“, – ასე ხსნის ქართველი მცველი საზღვარგარეთ თამაშის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ახლა ის „ნიურნბერგის“ წევრია: „მინდოდა, ახალ ქვეყანაში ახალი გამოწვევა მიმეღო. როდესაც ამ ტრადიციულ კლუბში მიროსლავ კლოზეს პროექტი გამაცნეს, ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი“, – ამბობს ლოჩოშვილი.
„ნიურნბერგის“ ახალწვეულს იტალიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს: „იტალიურ ფეხბურთში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ტაქტიკას. ყველაფერი დეტალებზეა დამოკიდებული. გერმანიაში უფრო ინტენსიურ თამაშს ველი და ვფიქრობ, კლოზეს სათამაშო ფილოსოფია ჩემთვის შესაფერისია. გერმანული და იტალიური მენტალიტეტი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, მაგრამ სამი წელი ავსტრიაში ვთამაშობდი და ვფიქრობ, მეორე ბუნდესლიგასთან შეგუება არ გამიჭირდება“.
ავსტრიაში ასევე გამოჩნდა, რომ „ნიურნბერგის“ ახალი 24-ე ნომერი არა მხოლოდ ტაქტიკური დავალებების შესრულებას ახერხებს, არამედ კარგი ადამიანური ინსტინქტებიც აქვს. მან გაიხსენა ამბავი, როდესაც ვენის „აუსტრიის“ ერთ-ერთი მოთამაშე სიკვდილისგან იხსნა და ამისთვის ფიფა-ს სპეციალური ჯილდოც მიიღო. „ექიმი არ ვარ, მაგრამ ეს, უბრალოდ, ჩემი ინსტინქტია, რომ ადამიანებს დავეხმარო“.
ლოჩოშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გამოცდილების გაზიარებას ცდილობს: „შეკრება ახალი თანაგუნდელების უკეთ გასაცნობად გამოვიყენე. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რაც ურთიერთობას გვიადვილებს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის“.
ლუკამ თავისი სათამაშო სტილზეც ისაუბრა: „დაცვაში ხისტი და აგრესიული მოთამაშე ვარ, მიყვარს ბურთის ართმევა და ვარდნები. ამავე დროს ისეთი ცენტრალური მცველი ვარ, რომელსაც ბურთის ფლობა და თამაშის გახსნა ეხერხება“, – ასე აღწერს ქართველი თავის თამაშს, რომელსაც გულშემატკივრები მომდევნო სეზონში ნახავენ“.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings