რამდენიმე საათის წინ დავწერეთ, რომ ბათუმის “დინამოელების” ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის შეძენით სერია ა-ს გუნდები იყვნენ დაინტერესებული. თუმცა, ეს ვარიანტი არ გამოდის და ფეხბურთელებთან დაახლოებულმა ადამიანმა გვაუწყა, რომ დავითაშვილი და აზაროვი კარიერას სერბეთის ყველაზე ტიტულიან კლუბში, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ განაგრძობენ.
ფინანსური დეტალები უცნობია, თუმცა 1991 წელს, ჩემპიონთა თასის მომგები სერბული გრანდი, დავითაშვილისა და აზაროვის გაფორმებას უახლოვდება.
გარიგება ამ კვირაში უნდა დასრულდეს, ჩვენმა ფეხბურთელებმა კი სამედიცინო შემოწმება გაიარონ.
სერბეთის ჩემპიონატის დაწყებიდან 4 ტურია გასული და “წითელი ვარსკვლავი”, 12 ქულით პირველ საფეხურზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადელთა მეტოქე სომხური „პიუნიკია“, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, გუნდი მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშებს, ეს კი მშვენიერი ამბავია ქართველი გულშემატკივრის პერსპექტივიდან.
ამ ზაფხულს, სერბებმა „გენტიდან“ ოსმან ბუკარი და „კარაგიუმრიუკიდან“ ალეკსანდერ პესიჩი დაიმატეს. აქვეა მილან პავკოვი, რომელიც ჩემპიონატს 5 გატანილი ბურთით ბომბარდირობს და 3 წლისწინ, „ლივერპულს“ დუბლიც შეუსრულა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, შესაბამისად, კონკურენცია დიდია.
რაც შეეხება დაცვის მარცხენა ფლანგს, აქ, სერბეთის ნაკრებში ნათამაშები, 31 წლის, მილან როდიჩია ძირითადის კაცი.
GIPHY App Key not set. Please check settings