ლიგა 2-ში მე-3 ტური გაიმართა და სკანდალური გამოდგა ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ მატჩი. ქართველის გუნდი სტუმრად „აიაჩოს“ შეხვდა და თამაში საბოლოოდ 0:0 დასრულდა, თუმცა შესაძლოა არც ჩამთავრებულიყო.
მატჩი ათიოდე წუთის დაწყებული იყო, მე-13 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მსაჯმა გადაწყვიტა ფეხბურთელები გასახდელში მიებრუნებინა.
მიზეზი გულშემატკივრებს შორის ტრიბუნაზე დაწყებული ჩხუბი იყო. „აიაჩოს“ და „ბორდოს“ ფანებს შორის დაუნდობელი შეხლა-შემოხლა ატყდა – ერთმანეთს ესროდნენ სკამებს, კიბეებს.
დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ადგილობრივმა პრეფექტურამ „ბორდოს“ ფანებს სტადიონზე შესვლა აუკრძალა, მაგრამ მათ მაინც შეაღწიეს. ჩვეულებრივი ბილეთები იყიდეს და ასე შევიდნენ. ამან „აიაჩოს“ ფანების პროვოცირება მოახდინა და ჩხუბიც გარდაუვალი იყო.
„ეკიპმა“ ისიც კი დაწერა, რომ „ბორდოს“ რამდენიმე ქომაგი დაჭრილია.
თამაში მაინც განახლდა. ფეხბურთელები 45 წუთის შემდეგ დაბრუნდნენ მოედანზე.
დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შცვალეს.
ჩვენიანმა ერთ-ორ ეპიზოდში კარგად ითამაშა. ტაიმის ბოლო წუთზე ეფექტური პასით თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა, მაგრამ მან ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.
3 ტურის შემდეგ „ბორდოს“ 3 ქულა აქვს 4-ის ნაცვლად (მოგება, წაგება, ფრე) და მე-15 ადგილზეა. გუნდს ერთი ქულა გასული სეზონის ბოლო ტურში მომხდარი ინციდენტის გამო ჩამოაკლეს.
„ბორდომ“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და თავისი ფანების საქციელი დაგმო.
მომდევნო მატჩი „ბორდოს“ 26 აგვისტოს შინ აქვს სამიდან სამივეს მომგებ „ამიენთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings