ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ შინ „მონაკოს“ შეხვდა და დამარცხდა – 1:3. ქართველის გუნდი დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშეა, თუმცა გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
მასპინძელთა ერთადერთი გოლი სწორედ ჩვენიანმა გაიტანა და თან რა ლამაზად: საჯარიმოს ხაზთან, უფრო ფლანგზე მიიღო ბურთი და შორეულ მაღალ კუთხეში ზუსტად ჩასვა. ხვიჩამ იცის ხოლმე ასე.
ზურიკო ისედაც გამორჩეული იყო. პირველ ტაიმშიც შეეძლო საგოლე შეტევის მონაწილე გამხდარიყო, როდესაც პასით კარის წინ პეტრო დარჩა, თუმცა ბურთს ფეხი ააცილა.
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მისი შეფასებებია: Flashscore – 6.9; Sofascore – 7.7; Whoscored – 7.3.
ზურიკომ მე-9 გოლი (პლუს 7 საგოლე პასი) გაიტანა მიმდინარე ჩემპიონატში, თან – ზედიზედ მეორე მატჩში.

სენტ-ეტიენი – მონაკო 1:3
გოლები: 0:1 აკლიუში (2), 1:1 დავითაშვილი (65), 1:2 ალ მუსრატი (68), 1:3 ბალოგუნი (78)
ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „სენტ-ეტიენი“ 27 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნთა ზონაში იმყოფება. მე-16 ადგილზე მყოფ „ჰავრს“ 1 ქულით კი ჩამორჩება, მაგრამ კონკურენტი თავის მატჩს დღეს თამაშობს. მე-16 ადგილი გადათამაშების საშალებას იძლევა.
„სენტ ეტიენი“ 10 მაისს, ბოლოსწინა ტურში გასვლაზე ასევე ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ „რეიმსს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings