in

ზურაბ რურუა: სტანოიევიჩი ისეთ დეტალებზე მუშაობს, რომლებსაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდით (ექსკლუზივი)

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები 14 თებერვალს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება. ქართველი წყალბურთელები ამ ტურნირზე პირველად იასპარეზებენ და ეს იმის გამო მოხდა, რომ საქართველომ შარშან ბუდაპეშტში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა. ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე რევაზ ჩომახიძის გუნდმა საფრანგეთი და თურქეთი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების პარალელურად, წარმატებით ასპარეზობს თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე. შარშანდელ სეზონში, “დინამომ”, რომელიც საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვს წარმოადგენს, ევროპის თასის მოქმედი გამარჯვებული ფრანგული “მარსელი” დაამარცხა. წლევანდელ სეზონში კი, ესპანურ “ბარსელონეტასა” და იტალიურ “ბრეშასთან” მარცხის შემდეგ, მონტენეგროს “იადრან სპლიტი” დაამარცხა.

მოახლოვებულ ოლიმპიურ საკვალიფიკაციოსა და ქართულ წყალბურთზე სასაუბროდ, ჩვენ საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ყოფილ კაპიტანს ზურაბ რურუას დავუკავშირდით და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ.

ზურაბ, უპირველეს ყოვლისა, როგორ მიდის ნაკრების მოსამზადებელი პროცესი და რას იტყვით ახალი მწვრთნელის შესახებ?

დეიან სტანოევიჩი ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია. სავარჯიშო პროცესის დროს, ისეთ კომპონენტებზე მუშაობს და აკეთებს ყურადღებას, რომლებზეც აქამდე არ ვმუშაობდით. დიდი ყურადღება ეთმობა ფიზიკურ ვარჯიშებს, რადგან ზედიზედ რვა დღე თამაშების ჩატარება ნებისმიერი გუნდისთვის რთულია. საბედნიეროდ, მოსამზადებელი პროცესი კარგად მიმდინარეობს, ტრავმები არ გვაქვს და მზად ვართ ურთულესი მატჩებისთვის.

თქვენ, როგორც გამოცდილი მოთამაშე, როგორ ფიქრობთ, რეალურად რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე?

წინასწარ საუბარი არ არის საჭირო. ძალიან ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში და რა თქმა უნდა ფავორიტები არ ვართ, მაგრამ გულშემატკივრებს ვპირდებით, არცერთ მატჩში თავს არ დავზოგავთ. ვფიქრობთ, ჯგუფურ ეტაპზე კანადის, ბრაზილიისა და თურქეთის დამარცხება და ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია . მერე ცოტა იღბალზეც ვიქნებით დამოკიდებული.

ზურაბ, საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისის “დინამოში” თამაშობს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. მიღებული გამოცდილებაც ძალიან გამოგვადგება ხომ ასეთ რთულ ტურნირზე?

რა თქმა უნდა, თბილისის “დინამოს” ხელახლა აღორძინების მთავარი მიზანი იყო, რომ ქართველ წყალბურთელებს მეტი გამოცდილება მიეღოთ და ეს საქართველოს ნაკრებზეც ასახულიყო. ჯერ ყველაფერი წინაა. კიდევ ბევრი გვაქვს დასამტკიცებელი და ამას დავამტკიცებთ.

ზურაბ, თქვენი სათამაშო კარიერის გაგრძელებაზე რას გვეტყვით?

ძალიან არ მსურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ უდიდესი ალბათობით ჩემი მოთამაშის კარიერა დასრულებულია. უბრალოდ, ტრავმები არ მაძლევს თამაშის საშუალებას. წყალბურთიდან არ მივდივარ და ისევ ქართული წყალბურთის სამსახურში ვიქნები.

შეგახსენებთ, საქართველოს წყალბურთის ნაკრები 14–21 თებერვალს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ტურნირში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ 6 გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან. საქართველო B ჯგუფში იქნება, რომელშიც მისი მეტოქეები: თურქეთი; კანადა; ბრაზილია; მონტენეგრო, საბერძნეთი იქნებიან. ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებიც ფლეიოფის პრინციპით გააგრძელებენ ბრძოლას. ოლიმპიადაზე კი, ტურნირის სამი საუკეთესო გუნდი იასპარეზებს.

ფოტოები: wpc dinamo tbilisi

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვასილ ლობჟანიძის ლელო საუკეთესოა: rugby europe-მა საუკეთესო ლელოები გამოარჩია

ბათუმის ახალი სტადიონი საუკეთესოთა შორის: მიეცი ხმა ჩვენს არენას