საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ის რეპეშაჟის ფინალში აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს გაეჯიბრა და 4:3 მოუგო.
იაკობიშვილმა ორშაბათს ინდოელი სუშილ სუშილი (5:2) და თურქი მუსტაფა კაია (7:2) დაამარცხა, მეოთხედფინალში კი პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან 1:4 წააგო. ვინაიდან ამ უკანასკნელმა ფინალში გასვლა მოახერხა, ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში გადაერთო, სადაც წინასწარი შეხვედრა ბრიტანელ ნიკოლაე გოიოკარუს 5:0 მოუგო, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის როგორც ვთქვით, აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს დაუპირისპირდა, რომელსაც ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 4:3 აჯობა და მედალს დაეუფლა.
ამგვარად, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა – 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ვერცხლის მედალი გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედალს კი ზურაბ იაკობიშვილის გარდა ნიკა კენჭაძე (79 კგ.) დაეუფლა. საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმომადგენელი ათივე წონაში ჰყავდა.
GIPHY App Key not set. Please check settings