საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი წარმატებულად და რაც მთავარია იმედისმომცემი ფეხბურთით დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მუნდიალის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში ზლატანიანი შვედეთი 2:0 დაამარცხა, ამხანაგურ მატჩში კი უზბეკეთი 1:0. უზბეკებთან ერთადერთი გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა, რომელიც ამ შეკრებაზე ნაკრებში პირველად იყო გამოძახებული.
ვოლკოვი სანიოლმა ნაკრებში მას შემდეგ გამოიძახა, რაც ბელგიური “სერენის” თავდამსხმეელმა გიორგი მიქაუტაძემ ტრავმა მიიღო. 26 წლის ქართველი თავდამსხმელი, რომელიც “საბურთალოს” აღზრდილია, ამჯერად აზერბაიჯანული “ზირას” ღირსებას იცავს და ბრწყინვალე სეზონს ატარებს.
დავით ვოლკოვის შესახებ გადაცემაში “ტაიმ აუტი” ფეხბურთელის აგენტი ლევან ზუხბაია საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფეხბურთელით თურქული და პოლონური კლუბებიც არიან დაინტერესებული.
“დათო ძალიან მებრძოლი ადამიანია. მას შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა არასდროს ეზარება. იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს ნაკრებში მიიწვევდნენ. მადლობა ვილი სანიოლის და მთლიანად ნაკრების სამწვრთნელო სტაფს, რომ მას ეს შრომა დაუფასეს.
ვოლკოვთან თანამშრომლობა 2015 წელს დავიწყე, როდესაც მის კარიერაში რთული პერიოდი იყო. მან ტრავმა მიიღო და გუნდიდან გაუშვეს. მგონი ჩვენს გარდა მისი არავის სჯეროდა. დათო ისეთი თავდამსხმელია, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს სჭირდება.
აზერბაიჯანის ჩემპიონატში ცატარებული კარგი თამაშების შემდეგ, მისით ბევრი გუნდი დაინტერესდა: უკრაინიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებთ.
არასდროს მინახავს 26 წლის ფეხბურთელი ნაკრებში ასე კარგად ჩაწერილიყოს”, – თქვა ლევან ზუხბაიამ.
10 ტურის შემდეგ, 26 წლის დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერია. ფეხბურთელს 8 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
ვოლკოვისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოვიდა ბოლო, მე-10 ტური, სადაც ქართველმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და გუნდს ქულა გადაურჩინა.
GIPHY App Key not set. Please check settings