საქართველოს ნაკრები მორიგ მნიშვნელოვან ტურნირს იწყებს. ერთა ლიგა ის შანსია, საიდანაც შესაძლებელია ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა. მართალია ახლა უფრო რთული გზა გვაქვს გასავლელი, ვიდრე წინაზე, რადგან D-ის ნაცვლად C დივიზიონში ვართ, თუმცა თუ ჩვენი გუნდის პოტენციალსა და მეტოქეებს გავითვალისწინებთ, შანსი მართლაც რეალურია. მართალია, ბულგარეთი ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა და თავს იმაზეც ვერ დავდებთ, რომ მაკედონიასთან ჩვენ ვართ ფავორიტები, მაგრამ თამაში და წარმატებაზე ფიქრი ნამდვილად შეიძლება.
ჩვენს გუნდს ცოტა უჩვეულო მინიტურნირი ელოდება – 10 დღეში 4 თამაში არ არის ტრადიციული ამბავი. ამის გამოც ვილი სანიოლმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა და როგორც თავად თქვა, თითქმის ყველას მისცემს თავის გამოჩენის შანსს.
100 პროცენტით ვენდობი იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემთან ერთად არიან
პირველი მატჩი კი გიბრალტართან მეტოქის პატივისცემის მიუხედავად, აუცილებლად მოსაგებია, თან ზედმეტი გართულების გარეშე, რათა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობის პრობლემა არ გაუჩნდეთ. დღეს დამაჯერებელი გამარჯვების მეტს არაფერს ველოდებით.
თამაშამდე კომენტარი გააკეთეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა.
გიორგი აბურჯანია
ახალი ბრენდ პლატფორმის შექმნა საკმაოდ კარგი სიახლეა. სლოგანი, „მე ვარ საქართველო“ ყველამ კარგად გავიგეთ და გავითავისეთ. პოზიტიური ცვლილებაა და ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.
სანაკრებო დონეზე იოლი მატჩები არ არსებობს, აქედან გამომდინარე, კონცენტრირებულები ვართ მოახლოებულ თამაშზე. გიბრალტართან შეხვედრის წარმატებით დასრულების შემდეგ, უკვე ბულგარეთთან მატჩზე გადავერთვებით.
ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მათი მხრიდან საკმაოდ პოზიტიური განწყობა მოდის. შესაბამისად, მეც და მთელი გუნდიც მოუთმენლად ველით მატჩს.
დავით ხოჭოლავა
ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ჩემთვის ნაკრებში თამაში და ძალიან ბევრს ნიშნავს, თუ როგორი სტარტი გვექნება. გვეხმარება ახალი სლოგანი, გერბი, ჰიმნი – ყველაფერი ერთად, ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ მიზანი რჩება ერთი – გავიდეთ ჯგუფიდან და ისევ იქ მოვხვდეთ, სადაც წინაზე ვიყავით ფინალში და მოვიგოთ.
საბა ლობჟანიძე
დიდი ეტაპი იწყება. ვემზადებით ოთხი თამაშისთვის. სეზონის ბოლოა და ფეხბურთელები ცოტა გადაღლილები ვართ, მაგრამ ნაკრებში ჩამოსვლა ყველას უხარია და ყველას ახალი ენერგია გვაქვს. მაქსიმალურად ვემზადებით. ფეხბურთელებს დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სტადიონი გაივსება. დიდი ხანია თბილისში არ გვითამაშია და მიხარია. მსურს, ისეთი გულშემატკივრობა იყოს, როგორც ბათუმში ბოლო სანაკრებო მატჩებზე.
GIPHY App Key not set. Please check settings