ცნობილმა ფანგმა ფეხბურთელმა მამადუ სახომ ქუთასისი „ტორპედოსთან“ ოფიციალურად გააფორმა ხელშეკრულება.
ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, მოგვიანებით კი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ხელშეკრულების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
მამადუ სახო:
“მინდა ტორპედოს გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ კლუბში 12-ნომრიანი მაისური გულშემატკივრების საპატივცემულოდ ამოღებული იყო, თუმცა მათგან უფლება მივიღე, რომ ამ ნომრით ვითამაშო. კარგად ვიცი რას ნიშნავს მე-12 მოთამაშე გუნდისთვის. იცოდეთ, რომ დიდ პატივს გცემთ – თქვენ კლუბის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი შეგაქვთ. არაერთი წარმატება გველის წინ ერთად. მადლობა ამ საჩუქრისთვის.
ჩემთვის ეს ძალიან ემოციური მომენტია. 13 წლის ასაკში მამა დავკარგე. ბავშვობის წლები ქუჩაში, სიცივეში გავატარე. არაერთი დაბრკოლების გადალახვა მომიწია.
დღევანდელ დღემდე ასე მოვედი… ვფიქრობ, რომ ჩემი ჩართულობა ახალგაზრდების ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. მე მათთვის ბევრი მაქვს სათქმელი.
დღეს ჩემი შვილიც აქ არის, ჩემთან ერთად. ჩემთვის ფინანსური მხარე მეორეხარისხოვანია. მთავარი, რის გამოც საქართველოში ჩამოვედი, ის ამბიციებია, რომელიც ამ კლუბს აქვს და ის ჩართულობაა, რომელიც ახალგაზრდების ცხოვრებაში მექნება. მე აქ იდეის გამო ვარ.
კლუბის პრეზიდენტთან, გენერალურ დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ტორპედოს დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა.
ფეხბურთის მეშვეობით ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა გაქვს. ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოწვევაა და გახარებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება, რადგან საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო.
კარიერის განმავლობაში მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ასე იქნება ახლაც. გულშემატკივარს მოვუწოდებ ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რადგან მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”.
GIPHY App Key not set. Please check settings