in

ვიყავით გუნდი და ამ გუნდმა საოცრება შეძლო: საქართველოს ფრენბურთის ქალთა ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

საქართველოს ფრენბურთის ქალთა ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის ემზადება. ისტორიულ გამარჯვებამდე 17-წლამდე ნაკრების ფრენბურთელებს დაძაბული მატჩების ჩატარება მოუწია.

შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის ფარგლებში, საქართველო ჯგუფში რუმინეთის, ისრაელისა და ავსტრიის გუნდებს დაუპირისპირდა. პირველ ტურში ისრაელს მოუგო, შემდეგ რუმინეთთან დამარცხდა, თუმცა ავსტრიასთან გამარჯვებით დასრულებულმა თამაშმა ფრენბურთის ქალთა ასაკობრივ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოაპოვებინა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიდან, გადამწყვეტ თამაშზე, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ორი მოთამაშე – მარიამ მუშკუდიანი (31 ქულა) და მაგდა კობაიძე (21 ქულა), რომლებმაც ყველაზე მეტი ქულა მოუტანეს გუნდს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი მსგავსი მასშტაბის გამარჯვება. აქამდე საქართველოს ფრენბურთის ნაკრები არასდროს მოხვედრილა დიდი შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე.

მარიამ მუშკუდიანი – ფრენბურთელი
“ამ თამაშებისთვის ძალიან დიდი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. ჯგუფში 3 უძლიერესი მეტოქე გვყავდა: ავსტრია, რუმინეთი და ისრაელი. თითოეულ გუნდს დახვეწილი სპორტსმენები ჰყავს, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა გუნდურობით და ერთად ყოფნით მათი დამარცხება შევძელით. ძალიან გვიხარია, რომ ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. ფსიქოლოგიურად ძნელი იყო, თუმცა მოედანზე ვიდექით გუნდი და ამ გუნდმა საოცრებები შევძელით. ყოველი წუთი ამ თამაშის იყო დაუვიწყარი და ალბათ ცხოვრებაში არასდროს დაგვავიწყდება. ბოლო თამაში, ავსტრიასთან გამარჯვებით, რომ დასრულდა მე იმ ღამესვე მომიწია საფრანგეთში ჩემს გუნდში გაფრენა. რამდენიმე დღე შოკიდან ვერ გამოვდიოდი, როცა ვიაზრებდი, რომ ჩვენ ეს ნამდვილად შევძელით, გადავლახეთ ეტაპი და მოვიპოვეთ საგზური ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატისკენ”.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ფრენბურთის ქალთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს – უკრაინელი იური მელნიჩუკი.

იური მელნიჩუკი – მთავარი მწვრთნელი
“საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ყავს. დიდი წარმატებაა ის, რომ ფრენბურთის ქალთა ასაკობრივმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ვფიქრობ, რომ ისინი ამით არ გაჩერდებიან და სერბეთში დაამტკიცებენ, რომ ქართული ფრენბურთი მოწოდების სიმაღლეზეა”.

გიორგი ქართველიშვილი – საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
“ევროპის ჩემპიონატის საგზური საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციისთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ფრენბურთი კიდევ უფრო წარმატებული და პრესტიჟული სპორტი გახდეს საქართველოში, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს და ეს ქალთა ასაკობრივმა ნაკრებმა უკვე დაამტკიცა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გოგონებს და ევროპის ჩემპიონატზე”.

ფინალური ეტაპი ივლისის თვეში სერბეთსა და უნგრეთში გაიმართება, სადაც სულ 16 ნაკრები იასპარეზებს. ტურნირი 11 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.

ა(ა)იპ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია 1991 წლის 28 თებერვალს დაარსდა და მას შემდეგ მისი მთავარი მიზანი, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, ფრენბურთის პოპულარიზაცია და განვითარებაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის 25 მილიონს გადაუხდიან… დასვენებაში

გლაზგო გზის ნაწილია, რომელიც ოცნებისკენ მიგვიყვანს: რა არის საქართველოს მთავარი ამოცანა და რას ელოდება სანიოლი