დასრულდა ოქტომბრის სანაკრებო პაუზა და რაღაცეები გაირკვა. მათ შორის ის, რომ ჩვენი ჯგუფიდან ევრო 2024-ზე გავიდნენ ესპანეთი და შოტლანდია. ჩვენი ყურადღება და იმედი კი ისევ ერთა ლიგაზეა (რაც ისედაც ვიცოდით). მაგრამ აქაც არის სიახლე: ჯერ ოფიციალურად არა, მაგრამ უდიდესი ალბათობით ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე იქნება არა ყაზახეთი, არამედ ლუქსემბურგი.
ერთა ლიგაზე ნახევარფინალი და ფინალი მარტშია ერთმანეთის მიყოლებით. რაც ვიცით ის არის, რომ ერთმატჩიან ნახევარფინალს შინ ვთამაშობთ. ფინალის მასპინძელს კი დეკემბრის წილისყრა გაარკვევს.
აქამდე ვიცოდით, რომ შინ ყაზახეთს უნდა შევხვედროდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც თურქეთმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ერთა ლიგის ფლეი-ოფში, უდიდესი ალბათობით, მას ლუქსემბურგი ჩაანაცვლებს.
საბერძნეთის ნაკრებმა შინ წააგო კონკურენტ ნიდერლანდებთან და წესით სწორედ ნარინჯისფრები გავლენ ჯგუფიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ნახევარფინალს საბერძნეთი და ყაზახეთი შეადგენენ.
მართალია ლუქსემბურგის ნაკრები ძალიან კარგად თამაშობს და სენსაციაც არაერთხელ შემოგვთავაზა, მაგრამ საშინაო შეხვედრა წააგო სლოვაკეთთან და 5 ქულით ჩამორჩა, ამიტომ რთულად მოსჩანს მისი გასვლა.
თუ ყაზახეთის ნაკრები გავიდა შესარჩევიდან, მაშინ საქართველო ნახევარფინალში აზერბაიჯანს შეხვდება.
თუმცა, როგორც ვთქვით, მეტი ალბათობაა ნახევარფინალში ლუქსემბურგს ვეთამაშოთ.
GIPHY App Key not set. Please check settings