in

ვინ არის წიტაიშვილი და რით ჰგავს აბუაშვილი ხვიჩას

„ვინ არის გიორგი წიტაიშვილი?“ – ამ სათაურით გამოქვეყნებული წერილით საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა გულშემატკივარს „მეცის“ ქართველი ახალწვეული გააცნო.

„ლიგა 1 არის ის ტურნირი, სადაც ქართველმა ტალანტებმა თავის გამოჩენა შეძლეს – გიორგი მიქაუტაძის, ზურიკო დავითაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელი თამაში ამაზე მეტყველებს. თუმცა, გულშემატკივრებმა უკეთ კიდევ ერთი ქართველი უნდა გაიცნონ – გიორგი წიტაიშვილი. 24 წლის ფეხბურთელი „მეცს“ შეუერთდა და შესაძლოა, ეს გუნდი გახდეს ის ადგილი, სადაც საბოლოოდ დამკვიდრდება.

2022 წლიდან წიტაიშვილი იჯარით რამდენიმე კლუბში თამაშობდა, მათ შორის კრაკოვის „ვისლაში“, პოზნანის „ლეხში“, ბათუმის „დინამოში“ და ბოლოს, „გრანადაში“. ლა ლიგის გუნდში მან 39 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

„მეცში“ იმედოვნებენ, რომ წიტაიშვილი გასული სეზონის წარმატებას გააგრძელებს და გუნდს ლიგა 1-ში დარჩენაში დაეხმარება. თუ საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში არის ერთი კლუბი, რომელსაც წიტაიშვილისგან ყველაზე მეტი სარგებელი შეუძლია მიიღოს, ეს „მეცია“.

ამ გუნდმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მიქაუტაძის განვითარებაში და შემდეგში მისი „ლიონში“ გადასვლა განაპირობა. უფრო მეტიც, მიქაუტაძე წიტაიშვილს „მეცში“ გადასვლაშიც დაეხმარა.

მიქაუტაძემ ლიგა 1-ში 56 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო დავითაშვილმა საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში 33 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავმა კვარაცხელიამ ლიგის 14 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

წიტაიშვილი უფრო თავდაჯერებულად უნდა გრძნობდეს თავს მას შემდეგ, რაც ლიგა 1-ის გუნდებში ქართველები წარმატებით თამაშობენ. იგი ის ახალწვეულია, რომლის თამაშების ნახვაც აუცილებლად ღირს“, – წერს ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი.

სწორედ ასეთი ფეხბურთელი გვჭირდებოდა: დირექტორი წიტაიშვილზე და რატომ გადავიდა აბუაშვილი მეცში

„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა, ფრედერიკ არპინიონმა გიორგი აბუაშვილის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 22 წლის ქართველი თავდამსხმელი გუნდში არსებულ დიდ კონკურენციაში თავს დაიმკვიდრებს.

„გიორგი აბუაშვილი ძირითადად შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაშობს. ეს ის პოზიციაა, სადაც სხვა ფეხბურთელებმა უკვე დაამტკიცეს თავიანთი შესაძლებლობები. მისი მოსვლა ამ პოზიციაზე გუნდს საინტერესო როტაციის საშუალებას მისცემს.

აბუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეა, რომელიც ცოტა ხნის წინ წიტაიშვილის წყალობით აღმოვაჩინეთ. მისი თვისებები ძალიან მოგვეწონა, რადგან რაღაცით ხვიჩა კვარაცხელიას ჰგავს. ტექნიკური და ისეთი შთამბეჭდავი მოთამაშეა, რომელიც ჩვენს გეგმებში ჯდება“, – თქვა არპინონმა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ბოდიში მოუხადეს