ყველაფერი 3 წლის წინ დაიწყო, ბარგი ჩაალაგა და აშშ-ში წავიდა. ნიუ-იორკში საკუთარი ბავშვობის მეგობარი დახვდა, მერე თანდათან იმ დიდ ქალაქსაც შეეჩვია, სადაც აწმყო იმდენად ძლიერია, რომ ხშირად წარსული იკარგება. ასე დაიწყო მისი ამერიკული ცხოვრების ისტორიაც და კარიერაც. დღეს უკვე 6-გზის მსოფლიო ჩემპიონია, ასპარეზობს საქართველოს სახელით, თუმცა შესაძლოა მალე ამერიკის მკლავჭიდის გუნდში გადაეწეროს და ასე გააგრძელოს საკუთარი სპორტული ისტორია.
“სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი მკლავჭიდში, მამაჩემის მეგობარი იყო ის ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება და სპორტი ერთმანეთს დაუკავშირა.
უამრავი შეჯიბრი გამოვიარე, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის პერიოდი იყო, როდესაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გავხდი” – აცხადებს ზაზა ოქროცვარიძე.
მის ანგარიშზე არაერთი გამარჯვებაა, თუმცა 2022 წელი და არნოლდ კლასიკი ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
დასამახსოვრებელი იმ მხრივ, რომ ზაზა პირველი ქართველი გახდა, ვინც ეს ტურნირი მოიგო. ტურნირი ჯერ კიდევ 1988 წელს არნოლდ შვარცნეგერმა დაარსა და ის ყოველწლიურად ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში ტარდება. გამარჯვებულებს შორის კი ისეთი ადამიანები ირიცხებიან, როგორებიც არიან რონი კოლემენი, ჯეი კატლერი, დექსტერ ჯექსონი და ფიქს ბორბალი.
“არნოლდ კლასიკში 25 ათასზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობს, გავხდი პირველი ქართველი ვინც ეს ტურნირი მოიგო. ინტერესი ჩემს მიმართ ცალსახად გაიზარდა. უკვე ყველა გვცნობს და საქართველოს სახელიც ამ სფეროში უცხო აღარავისთვისაა” – აცხადებს ზაზა ოქროცვარიძე.
ახლა მოლოდინის რეჟიმშია, ცოტა ხნის წინ ისეთი წინადადება მიიღო, რომელიც პირდაპირი თუ ირიბი გაგებით ახალ შესაძლებლობებს და უკეთესს მომავალს ნიშნავს. შემოთავაზება აშშ-ს მკლავჭდიდან აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაზა აშშ-ს სახელით იასპარეზებს, თუმცა საქართველოს და ქართველი სპორტსმენების გულშემატკივრად რჩება. ზაზა იმ დროსაც იხსენებს, როცა აქ საქართველოში, როგორც ევროპის ჩემპიონს სულ რაღაც 200-ლარიანი ანაზღაურება ჰქონდა.
“სპორტსმენს ბევრი რამ სჭირდება – საკვები დანამატები, შესაბამისი ფიზიკური და მატერიალური უზრუნველყოფა… თუმცა საქართველოში მსგავსი პირობები არ ყოფილა. როცა 2019 წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი ხელფასი სულ რაღაც 200 ლარი ჰქონდა. წარმოიდგინეთ, რა მიზერული ანაზღაურებაა? აღარაფერს ვამბობ ვარჯიშზე, სპორტულ დარბაზებზე. საქართველოში ვარჯიში ერთგვარ ფუფუნებად ითვლება, აქ კი ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი სულ რაღაც 10 დოლარი ღირს”, – აცხადებს ოქროცვარიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშს დიდ დროს უთმობს, პარალელურად მუშაობასაც ახერხებს. ახლა გადაზიდვების სფეროშია და თან მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ინტერვიუს ნიუ-იორკის ტემპზე საუბრით და მაიკლ ბლუმბერგის სიტყვებით ამთავრებს:
“ნიუ-იორკი ეს არის მეოცნებეების ქალაქი და ისევ და ისევ ის არის ადგილი, სადაც ყველაზე დიდი ოცნება, ამერიკული ოცნება, გამოცდა და გაიმარჯვა”.
GIPHY App Key not set. Please check settings