ჩეხეთთან ბოლო ტურში და ბოლო წუთებზე გამარჯვებით (1:0) ისრაელის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა (ჯგუფში ჩეხების გარდა მოქმედი ჩემპიონი გერმანიაც ჩატოვა) და 1 ივლისს, გადაჭედილ „დინამო არენაზე“ გულანთებულ საქართველოს ნაკრებს შეხვდება.
ჩეხეთთან მოგებული მატჩის შემდეგ ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაი ლუზონმა ეს თქვა:
„ქართველებმა ისეთ ჯგუფში შეძლეს პირველ ადგილზე გასვლა, სადაც ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია იყვნენ. მათ სენსაციურად გადალახეს ჯგუფური ეტაპი.
საქართველოს ნაკრები ვნახე. ისინი თამაშობენ დიდი ვნებით, დიდი სულისკვეთებით. არავის სჯეროდა, რომ ასეთ ჯგუფში პირველები იქნებოდნენ. მთელი პატივისცემა ამ გუნდს. ბედნიერი ვარ, რომ სავსე სტადიონზე მოგვიწევს თამაში. ალბათ 50-60 ათასი კაცი იქნება, ვისურვებ 100 ათასიც იყოს! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ხოლო ნახევარფინალში საუკეთესო გუნდი გავა“.
გარდა ამისა, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ შაბათის შესახებ არ მკითხოთო. „ერთი საათი მჭირდება დასასვენებლად“. ამაღამ 12:00 საათიდან დავიწყებ საქართველოსთვის მზადებას“.
სხვათა შორის, ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა იან სუხოპარეკმაც აღნიშნა, რომ ისრაელის გამარჯვება დამსახურებული იყო, ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და მეტი შანსი ჰქონდათო.
ისრაელი შესაძლო მეტოქეებიდან ერთ-ერთი ყველაზე სასურველად ჩანს, თუმცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება, არც თუ ხელწამოსაკრავი გუნდია.
საკმაოდ რთულ C ჯგუფში გერმანიას დაუზავდა (1:1), ბოლოს კაცნაკლულმა გაუძლო, ინგლისთან კი წააგო (0:2), მაგრამ პატარა ბიჭივით არც აქ ყოფილა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში ჩეხეთს მაინც მოუგო (1:0).
გუნდი საკმაოდ დაბალანსებულია, თუმცა შეიძლება გამოვარჩიოთ „ზალცბურგის“ ნახევარმცველი ოსკარ გლუხი (მე-10 ნომერი).
ეს ფეხბურთელი ჩეხეთთან თამაშის შემდეგ მწვრთნელმაც შეაქო:
„დიდი მოთამაშეები მზად არიან დიდი მომენტისთვის. მან თამაში წაიყვანა, რადგან ჩეხეთი დაცვაში ორგანიზებულად თამაშობდა და ხაზების გარღვევა მოგვიწია. გლუხი კი ოსტატია. მას სივრცე სჭირდება და მიხარია, რომ ასეთი სპექტაკლი აჩვენა“.
ოსკარ გლუხზე უეფამაც დაწერა (მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა):
„ის ყველა მოთამაშეზე მაღლა დგას თავისი ტექნიკით, მოედნის ხედვითა და შემოქმედებითობით. ისრაელის შეტევების უმეტესი ნაწილი მან დაიწყო. მაშინაც კი, როცა რთული ჩანდა ჩეხეთის დაცვის გარღვევა, ის მცდელობებს განაგრძობდა“.
გუნდის კაპიტანი გილ კოენი:
„ჩვენი გუნდი ძალიან შეკრულია. ყოველთვის გვჯეროდა, მაშინაც კი, როცა ინგლისთან დავმარცხდით და მწვრთნელმა გვითხრა, რომ შეგვეძლო მეოთხედფინალამდე და შესაძლოა ოლიმპიურ თამაშებამდეც მისვლა.
გადამწყვეტი გოლის ავტორი ომრი განდელმანი:
„ვაუ! საოცარი გრძნობაა! ეს ბიჭები უბრალოდ ყველაფერს აკეთებენ მოედანზე. ჩვენ ამას ვიმსახურებთ, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ახლა ისტორიას ვქმნით და გვინდა გავაგრძელოთ“.
გაი ლუზონი (მწვრთნელი):
„მშვენიერია. ჩვენ ისტორია შევქმენით და ვაჩვენეთ დიდი გამბედაობა, მოთმინება, ხარისხი და ძალიან ვამაყობ, რომ ამ საოცარი გუნდის მწვრთნელი ვარ“.
ისრაელი ჩვენთვის უცხოც არ არის. გასული წლის 16 ნოემბერს გორში ამხანაგური ვეთამაშეთ და მეტოქემ მოგვიგო – 2:1. პირველ ტაიმში გაგუას მოპოვებული პენალტი გულიაშვილმა ვერ გაიტანა. მეორე ნახევარში სტუმრებმა სტანდარტულები გამოიყენეს და 2:0 დაწინაურდნენ. საპასუხო გოლი ხორხელმა გაიტანა. ამ დროს სიგუას გაძევების გამო საქართველო კაცნაკლული იყო. ისრაელს კიდევ ჰქონდა რამდენიმე შანსი, მაგრამ მეკარე კუტალაძე თამაშობდა კარგად.
აი იმ მატჩში ჩვენი გუნდის შემადგენლობა:
კუტალაძე, კაპანაძე (მაისურაძე 73), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, აზაროვი, ო. მამაგეიშვილი (ნ. ხორხელი 60), ოსიყმაშვილი (სიგუა 60), გულიაშვილი (ლომთაძე 73), გაგუა (ნ. ხორხელი 87), ნ. გაგნიძე (ჯინჯოლავა 87)
ისე, ამხანაგურ მატჩში პორტუგალიამაც მოგვიგო, ამ ევროზე კი… კარგად გვაქვს ასეთები დაცდილი.
ისრაელის ნაკრებში რამდენიმე ფეხბურთელია, რომელმაც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა გასულ წელს. ამ ტურნირზე ისრაელელები პირველად გავიდნენ პლეი-ოფში 1999 წლის ევრო U16-ის შემდეგ.
და უფრო მნიშვნელოვანი:
ივნისის დასაწყისში ისრაელმა მე-3 ადგილი დაიკავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (ბრაზილიასაც კი მოუგო). საინტერესოა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ისრაელს ბოლო ტურამდე ასევე 1 ქულა ჰქონდა, მაგრამ იაპონიას დაძაბულ ბრძოლაში მოუგო და პლეი-ოფში გავიდა. იმ ნაკრებიდან აქ 5 ფეხბურთელია.
ახლა იგივე არ უნდა განმეორდეს, ნახევარფინალში ჩვენ უნდა გავიდეთ.
GIPHY App Key not set. Please check settings