in

ვინ არის დამნაშავე: ლიონის დაქვეითების დეტალები

ფრანგულ ფეხბურთში სენსაციური ამბავი მოხდა. „ლიონი“, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მიიჩნეოდა ადგილობრივ გრანდად, ოფიციალურად დააქვეითეს კლასში – შემდეგ სეზონს გიორგი მიქაუტაძის გუნდი ლიგა 2-ში ითამაშებს. არადა, გუნდმა გასული სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა და ევროთასებზე თამაშის უფლება მოიპოვა.

რის გამო დაისაჯა ლეგენდარული ფრანგული კლუბი?

ლიგა 2-ში დაქვეითების გადაწყვეტილება დაადასტურა მმართვის კონტროლის ეროვნულმა დირექციამ (DNCG). ეს ორგანიზაცია თვალს ადევნებს საფრანგეთის საფეხბურთო კლუბებში ფინანსურ მდგომარეობას. ჩინოვნიკები აკვირდებოდნენ ფულის მოძრაობას „ლიონში“ და მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინეს.

ყველაზე მთავარი – ფინანსური გარანტიების არარსებობა. ჯერ კიდევ ნოემბერში აღმოაჩინეს უდიდესი ფინანსური დეფიციტი – 501.5 მილიონი ევრო. „ლიონმა“ სცადა ინვესტიციების მოზიდვა. მოუწიათ ერთ-ერთი ლიდერის, რაიან შერკის გაყიდვა, რომელშიც „მანჩესტერ სიტიმ“ 42.5 მილიონი ევრო გადაიხადა.

მაგრამ მოზიდული თანხები საკმარისი არ აღმოჩნდა დეფიციტის სრულად დასაფარად. DNCG-მ შეისწავლა ხელთ არსებული არგუმენტები და გადაწყვიტა, რომ „ლიონი“ ლიგა 2-ში უნდა დაქვეითებულიყო. ამასთან, სანქციები არ შეეხება ევროთასებს, ასე რომ, ლიონელები ითამაშებენ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, ოღონდ ლიგა 2-ის გუნდის რანგში.

„ლიონს“ აქვს აპელაციის უფლება, მაგრამ რთული სათქმელია, დაეხმარება თუ არა ეს გუნდს. ახალი სეზონი უკვე აგვისტოში დაიწყება და მისთვის მზადება, ნებისმიერ შემთხვევაში, არასრულფასოვანი იქნება. დიდი ალბათობით, გუნდის ლიდერები წასვლას მოისურვებენ და, ერთმნიშვნელოვნად, მათზე დიდი მოთხოვნა იქნება. ასეა თუ ისე, „ლიონი“ სერიოზული რეპუტაციული დარტყმის ქვეშ მოექცა, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება.

საიდან დაიწყო ყველაფერი

ფინანსებთან დაკავშირებით „ლიონის“ პრობლემები ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო. ყოველწლიურად სიტუაცია უარესდებოდა, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა მშველელი: ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ ტექსტორი. ის უკვე ფლობდა ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“, ინგლისურ „კრისტალ პალასსა“ და ბელგიურ „მოლენბეკს“. 2022 წლის დეკემბრიდან მილიარდერის საინვესტიციო პორტფელს ფრანგული „ლიონი“ შეემატა.

ტექსტორის მისვლამ თითქოს გააცოცხლა „ლიონი“. გუნდი ცუდად მიდიოდა 2023-24 წლების სეზონში, მაგრამ ზამთრის ტრანსფერებმა და მწვრთნელის შეცვლამ სეზონის მეექვსე ადგილზე დასრულების შესაძლებლობა მისცა. თუმცა პრობლემები გროვდებოდა. გუნდში ნეგატიური ატმოსფერო სუფევდა. „ლიონიდან“ წასულმა მუსა დემბელემ აღიარა: „მთავარი სკაუტი ბრუნო შეირუ ეუბნებოდა მოთამაშეებს, რომ ისინი მხოლოდ აქტივები იყვნენ. ჩვენ აქტივები არ ვართ, ჩვენ ადამიანები ვართ. შეირუ ფიქრობდა, რომ ურთიერთობა ჰქონდა მონებთან ბამბის პლანტაციიდან“.

უკვე მაშინ გახდა ცნობილი „ლიონის“ უზარმაზარი ვალების შესახებ. ტექსტორი პირობას დებდა, რომ ამ ვალებს ინვესტიციებით დაფარავდა, ამის ნაცვლად კი ძირითადის ფეხბურთელების გაყიდვა დაიწყო. დემბელეს გარდა, გუნდიდან წავიდნენ მალო გუსტო, კასტელო ლუკება, ბრედლი ბარკოლა, ლუკას პაკეტა და ბრუნო გიმარაეში. DNCG უარს ამბობდა გარანტიების მიღებაზე და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვდა.

2024 წელს ტექსტორმა საჯაროდ განაცხადა, რომ კლუბი არსად გავარდებოდა. მისი თქმით, ის მზად იყო, გაეყიდა „კრისტალ პალასის“ აქციები, რითიც საჭირო თანხას მიიღებდა „ლიონის“ ვალების დასაფარად.

„ჩვენს აქციონერებს გააჩნიათ საკმარისი სახსრები. არავინ დაუშვებს, რომ კლუბი დააქვეითონ. არის თანხების მოზიდვის რამდენიმე ვარიანტი. თუ არცერთი არ იმუშავებს, საკუთარი საფულედან შევიტანთ თანხას“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

მაგრამ მისი სიტყვები ტყუილი აღმოჩნდა. კლუბის პრობლემები არსად გამქრალა. შედეგი კი გახდა „ლიონის“ ქვედა ლიგაში გავარდნა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვულვზს აქვს შანსი იყიდოს მიქაუტაძე

ტოტენჰემი, რომა და სხვებიც: მიქაუტაძე რამდენიმე კლუბს მოუნდა