ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი ნახევარფინალისტი ცნობილია. ორივე შემთხვევაში ისინი გავიდნენ, ვინც ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა სანერვიულოდ საქმე ორივემ გაიხადა, მეტადრე პსჟ-მ, რომელიც სტუმრად „ასტონ ვილასთან“ კომფორტული 2:0-ით დაწინაურდა, მაგრამ სამი გოლი გაუშვა და ინგლისელებს ამის შემდეგ კიდევ შეეძლოთ საერთო ჯამში გამათანაბრებელი გოლის გატანა.
ინტრიგა შეუნარჩუნა წყვილს დორტმუნდის „ბორუსიამ“, რომელიც 0:4-ის შემდეგ თითქოს უშანსოდ იყო, მაგრამ 2:0 დაწინაურდა. მართალია მერე დასანანი ავტოგოლი გაუშვა, მაგრამ ისევ გაიტანა, მერე თამაშგარედან შეგდებული არ ჩაუთვალეს, მოკლედ, აქაც შედგა თამაში.
მოკლედ, მივიღეთ ორი ნახევარფინალისტი – პსჟ და „ბარსელონა“. ეს ორივე გუნდი წელს ტურნირის მთავარ ფავორიტებად მიაჩნიათ.
ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები
ასტონ ვილა – პსჟ 3:2
პირველი მატჩი 1:3
გოლები: 0:1 ჰაკიმი (11), 0:2 მენდეში (28. დემბელეს პასით), 1:2 ტილემანსი (34. მაკგინის პასით), 2:2 მაკგინი (55), 3:2 კონსა (57. რაშფორდის პასით)
პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, ბარკოლა (61. დუე), კვარაცხელია, დემბელე

პსჟ ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირებში მე-9 ნახევარფინალს ითამაშებს (5 – ჩემპიონთა ლიგაზე, 3 – თასების მფლობელთა თასზე, 1 – უეფას თასზე), რაც ფრანგულ კლუბებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. შედარებისთვის, “მარსელს” 8 ნახევარფინალი აქვს ნათამაშები.
აშრაფ ჰაკიმის მონაწილეობით “პარი სენ-ჟერმენმა” 7 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში – 2 გოლი, 5 საგოლე პასი. 2017/18 წლების სეზონის შემდეგ, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მცველისთვის ერთი ტურნირის ფარგლებში. მაშინ იგივე შედეგი აჩვენა მარსელომ (“რეალი”).

დორტმუნდი – ბარსელონა 3:1
პირველი მატჩი 0:4
გოლები: 1:0 გირასი (11-პენ), 2:0 გირასი (49. ბენსებაინის პასით), 2:1 ბენსებაინი (54-საკ. კარში), 3:1 გირასი (76)

“ბარსელონა” მე-13-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და პირველად, 2018/19 წლების სეზონის შემდეგ.
გირასი გახდა პირველი აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში “ბარსელონას” ჰეთ-თრიკი შეუსრულა და ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი “ბარსელონას” წინააღმდეგ (5 გოლი, 2024/25 წლების სეზონი), ამასთან, გირასი გახდა პირველი აფრიკელი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 12 გოლი გაიტანა.
ტოპ-5 ევროპულ ლიგაში მოთამაშე გუნდებიდან არცერთს არ მიუღია ამ სეზონში მეტოქისგან უფრო მეტი ავტოგოლი, ვიდრე “ბარსელონას” (“კომოსთან” ერთად – 5 ავტოგოლი).
“ბარსელონამ” “დორტმუნდთან” პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში და თავად მიიღო 7 დარტყმა. ორივე მაჩვენებელი ამ სეზონში ყველაზე ცუდია პირველი ტაიმის მასშტაბით.
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში გერმანულ გუნდებთან სამივე დაპირისპირება მოიგო. მანამდე, კატალონიურ გრანდს გერმანულ გუნდებთან ზედიზედ 5 მატჩი ჰქონდა წაგებული, საერთო ანგარიშით – 2:19.

GIPHY App Key not set. Please check settings