in

ვინც მოიგო, ის გავა: ვინისიუსის ულამაზესი გოლი, პროვოკაცია და გარჩევები- ლიგის პლეი-ოფი საინტერესოდ დაიწყო

ჩემპიონთა ლიგაზე 1/16 ფინალები დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს 4 წყვილმა ითამაშა და მშვენიერი მატჩები ვიხილეთ. ხვიჩას პსჟ-მ ცუდად დაწყებული თამაში მაინც ამოქაჩა და მოიგო, „იუვენტუსმა“ ერთხელაც დაამტკიცა, რომ პრობლემებშია და სტამბოლში 5 გოლი გაუშვა, „ბორუსიამ“ ძლიერ მეტოქესთან ჰანდიკაპი შეიქმნა, მაგრამ მთავარი მაინც ლისაბონში მოხდა, სადაც „რეალმა“ ვინისიუსის ულამაზესი გოლით მოურინიოს გუნდი დაამარცხა. მაგრამ მთავარი ეს არ იყო: ბრაზილიელმა პროვოკაციულად აღნიშნა გოლი, რასაც ერთი ამბავი მოჰყვა – მას სავარაუდოდ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა „ბენფიკას“ ფეხბურთელმა, ვინისიუსი მსაჯთან მივარდა, მერე გაიბუტა და მოედანი დატოვა და თამაშს არ აპირებდა. ამასობაში კაი გვარიანი გარჩევები წავიდა. მოკლედ, მატჩი კარგა ხნით შეჩერდა.
განახლებულზე ვინიუსმა თავის საჯარიმოსთან უკნიდან მოცელა მეტოქე და ყვითელსაც ალბათ იმსახურებდა, მაგრამ მსაჯმა თავი შეიკავა, რადგან უკვე ჰქონდა ბრაზილიელს გაფრთხილება, სამაგიეროდ გამპროტესტებელ მოურინიოს აჩვენა ჯერ ყვითელი, მერე დაუცხრომელ მწვრთნელს იქვე მეორე ყვითელიც და ისე გამოვიდა, რომ ვინიუსის მაგივრად მოურინიო გააგდეს.

მას შემდეგ, რაც გაუქმდა „სტუმრად გატანილი გოლის” წესი, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპიდან იმ გუნდების 80% (51-დან 41) აგრძელებდა ასპარეზეობას, რომლებმაც პირველი მატჩი მოიგეს. ხოლო იმ კლუბების შემთხვევაში, რომლებმაც პირველი თამაში სტუმრად მოიგეს, მომდევნო ეტაპზე გასვლის მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს (25-დან 23).

განმეორებითი მატჩები 25 თებერვალს გაიმართება.

ბენფიკა – რეალი 0:1
გოლები: ვინისიუსი (50)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: აურელიენ ჩუამენი

„რეალმა“ ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო.

„რეალმა“ ყველა მატჩში, ცხრაში შეძლო გოლის გატანა, რაც გუნდში არბელოა მივიდა.

ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგაზე 31-ე გოლი გაიტანა, კაკას გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა ბრაზილიელებს შორის. ლიდერობს ნეიმარი 43 გოლით.

ალვარო არბელოას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ვინისიუსმა 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ჩაბო ალონსოს მწვრთნელობისას ბოლო 9 მატჩში ბრაზილიელს 1+1 ჰქონდა.

ბორუსია – ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 გირასი (3), 2:0 ბეიერი (43)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სერჟუ გირასი

წინა სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, სერჟუ გირასი უშუალოდ მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგაში “დორტმუნდის” მიერ გატანილ 23 გოლში (17 გოლი, 6 პასი), რაც ამავე პერიოდში ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის შედეგზე უკეთესი მაჩვენებელია.

დორტმუნდელ რიერსონს 2026 წელს გამართულ 9 მატჩში 9 საგოლე პასი აქვს.

გალათასარაი – იუვენტუსი 5:2
გოლები: 1:0 სარა (15), 1:1 კოოპმეინერსი (16), 1:2 კოოპმეინერსი (32), 2:2 ლანგი (49), 3:2 სანჩესი (60), 4:2 ლანგი (75), 5:2 ბოი (86)
გაძევება: კაბრალი (67)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გაბრიელ სარა

„იუვენტუსმა“ 1958 წლის შემდეგ პირველად გაუშვა ჩემპიონთა ლიგაზე/ჩემპიონთა თასზე 5 გოლი, ამ ტურნირზე დიდი ანგარიშით კი პირველად დამარცხდა 2021-22 წლების სეზონის შემდეგ. 1958/59 წლების სეზონში „იუვე“ ავსტრიულ “ვინერ შპორტკლუბთან” 0:7 დამარცხდა.

ტურინულ კლუბს ზედიზედ ოთხი მატჩია არ მოუგია და ამ სერიისას 13 გოლი გაუშვა.

ტეუნ კოოპმეინერსი გახდა პირველი ნახევარმცველი “იუვენტუსის” ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ერთ მატჩში (1991/92 წლების სეზონიდან, რაც ჯგუფური ეტაპი შემოიღეს) დუბლი შეასრულა.

მონაკო – პსჟ 2:3
გოლები: 1:0 ბალოგუნი (1), 2:0 ბალოგუნი (18), 2:1 დუე (29), 2:2 ჰაკიმი (41), 2:3 დუე (67)
გამოუყენებელი პენალტი: ვიტინია (22, პსჟ)
გაძევება: გოლოვინი (46, მონაკო)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დეზირე დუე

ფოლარინ ბალოგუნის მიერ პსჟ-ს კარში 55-ე წამზე გატანილი გოლი არის ყველაზე სწრაფი “მონაკოსთვის” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, და ყველაზე სწრაფი გაშვებული პსჟ-სთვის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო ტურის სიმბოლურშია

სპაერმა ერთ დღეში ორ ტაშკენტს მოუგო, დინამო გამარჯვების გარეშე ბრუნდება: რას შვრებიან ჩვენები შეკრებაზე