საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთთან და კოსოვოსთან მარცხების შემდეგ, დღეს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სოფიაში ბულგარეთს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ეროვნულ ნაკრებში გამართული ყველა მატჩი თანაბრად მნიშვნელოვანია, იქნება ეს საკვალიფიკაციო ეტაპი თუ ამხანაგური დაპირისპირება. მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, მაქსიმალურად ვცდილობ როტაციის პრინციპი გამოვიყენო, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ მოთამაშეები ვისი ნახვაც მსურს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელიც შანსს იმსახურებს, რადგან სწორედ ისინი არიან ეროვნული ნაკრების მომავალი.
კოსოვოს წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა ცუდი მოგონებები დაგვიტოვა, რადგან ამ შეხვედრის მიმართ სხვა მოლოდინი გვქონდა. ესპანეთთან ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, პირველ ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც კოსოვოსთან. მეორე ნახევარში კი, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით.
ბოლო დღეებში ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრე, თუ რა მოლოდინი მაქვს მე და რას მოითხოვს უმაღლეს დონეზე თამაში. იმიტომ, რომ ვფიქრობ აუცილებლად უნდა გავიზარდოთ და გავიაზროთ, რომ თუ გვსურს ეროვნული ნაკრები განვითარდეს, ყოველდღიურად უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. ჩემი აზრით, საუბრები, რომელიც გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა. ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში უკეთ იმუშაო. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ და მით უმეტეს, ოქტომბერ-ნოემბერში, მოედანზე განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ, რომლითაც მთელი ქვეყანა იამაყებს”, – თქვა ვილი სანიოლიმ.
საქართველო-ბულგარეთის შეხვედრა თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ბულგარეთთან საშინელი სტატისტიკა გვაქვს: 4 მარცხი და ორჯერ 2:6 – და ერთიც დაუვიწყარი მოგება
GIPHY App Key not set. Please check settings