საქართველოს ნაკრები დღეს, გორის სტადიონზე წლის ბოლო მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთს დაუპირისპირდება და წლის ზედიზედ სამი გამარჯვებით დასრულებას შეეცდება.
სანიოლს დღევანდელ შეხვედრაში ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით 100 მატჩი აქვს ჩატარებული, შეკრებას ოჯახური მიზეზების გამო გამოაკლდა. გიორგი ჩაკვეტაძემ კი, ვარჯიშისას ტრავმა მიიღო.
საინტერესოა, რომ გუშინდელ ვარჯიშამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და გიორგი ჩააკვეტაძე გააკრიტიკა, რომ ის ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯება.
“მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავინიშნე, ვდილობ ყოველთვის სამართლიანი ვიყო. შეიძლება ვინმეს მოსწონს ან ვინმეს არ მოსწონს ჩემი გადაწყვეტილებები, მაგრამ ნაკრებში იმ ფეხბურთელებს ვაძლევ თამაშის საშუალებას, რომლებიც მოცემულ მომენტში კარგ ფორმაში არიან და ბევრს შრომობენ. გიორგი ჩაკვეტაძეს ძალიან დიდი დრო გაუცდა და თანდათან ცდილობს ძველი ფორმის დაბრუნებას, მაგრამ ამისთვის თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. იმას, რასაც ჩაკვეტაძე ვარჯიშებს აჩვენებს, ეს არაა საკმარისი. იგი მხოლოდ 25%-ით იხარჯებოდა და გარკვეულწილად ვარჯიში ეზარებოდა. ვფიქრობ, მას შეუძლია დაიბრუნოს ფორმა და ბევრი შესაძლებლობა გვექნება ერთად ვიმუშაოთ. მიხარია, რომ პირველად ვიგრძენი შეტევაში ჯანსაღი კონკურენცია, ბევრი ფეხბურთელი კარგად გამოიყურებოდა, კვარაცხელია, წიტაიშვილი, დავითაშვილი და სხვები. ასეთი კონკურენცია, რა თქმა უნდა, ნაკრებს წაადგება. ჩვენ მინდორზე გუნდური მიზნისთვის გავდივართ და საბოლოოდ, გამარჯვებას სწორედ გუნდი აღწევს“, – თქვა ვილი სანიოლმა.
GIPHY App Key not set. Please check settings