საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, 11 ნოემბერს, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს კი ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.
ჟურნალისტებმა სანიოლს უკანასკნელი მატჩებისა და ხშირი როტაციის შესახებ დაუსვეს შეკითხვები, რაზეც შემდეგი განაცხადა:
“გასულ თვეებში ახალი ფეხბურთელები გამოვცადეთ. თუ ისინი საქმეში არ ვნახეთ, მათი პერსპექტივის შესახებ არაფერი გვეცოდინება. ვფიქრობ, საჭიროა ახალი სისხლი… საჭიროა გამოცდილება მიიღონ და საქმეში ვნახოთ, რამდენად მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში. ცუდი სექტემბერი გვქონდა, განსაკუთრებით ცუდი იყო კოსოვოსთან მარცხი, მაგრამ ოქტომბერში მათ სტუმრად მოვუგეთ – უკეთესი ხარისხი იყო. ფეხბურთელები ყველა მატჩისთვის ერთნაირად ემზადებიან. მთავარია, გუნდში იყოს ერთობა. სექტემბერში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, ზოგი – უგუნდოდ, ამიტომ მაშინ განაცხადში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი იყო.”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ასევე შვედეთთან სტუმრად განცდილ მარცხზეც ისაუბრა:
“პირველი მატჩი შვედეთთან ორივე გუნდისთვის რთული იყო: გოლის გატანის კარგი მომენტები ორივეს ჰქონდა, მაგრამ, საბოლოოდ, 0:1 დავმარცხდით. მატჩის შემდეგ ფეხბურთელები შევაქე. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა – ხვალ სულ სხვა მატჩი იქნება. ვფიქრობ, ის მოტივაცია, რომელიც ფეხბურთელებს მარტში ჰქონდათ, ხვალაც ექნებათ და ეს ყველაფერი დაგვეხმარება.”
ქომაგებისა და ჟურნალისტების გაოცება ასევე იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ გუნდი ბათუმში მატარებლით გაემგზავრა, რაც სანიოლმა შემდეგნაირად ახსნა:
“რაც შეეხება მოგზაურობას, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ბედნიერია. ზოგჯერ საჭიროა მეტი იმოგზაურო. ამან მოგვცა შესაძლებლობა გზაში მეტი გვესაუბრა გასულ მატჩებზე, ფეხბურთელებს ერთმანეთში უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდათ და ეს მათთვისაც საინტერესო იყო. ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს მოტივაციის პრობლემა არასდროს აქვთ და ისინი კარგი მატჩისთვის ემზადებიან.”
პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ასევე ქართველ ამომავალ ვარსკვლავ გიორგი მამარდაშვილზეც ჰკითხეს, რაზეც კომენტარი გააკეთა:
“როგორც იცით, სექტემბრიდან გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში აღარ თამაშობს. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ასეთი ტალანტის მქონე ფეხბურთელები ყოველ კვირას უნდა თამაშობდნენ. მე მასთან საუბარი მქონდა და ერთად გადავწყვიტეთ, რომ სჯობს ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმაროს, რომელსაც რთული მატჩი ელის ინგლისის ნაკრებთან. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.”
სანიოლმა პრესკონფერენცია დამაიმედებელი სიტყვებით დაასრულა და აღნიშნა, რომ გუნდს მოტივაცია არ აკლია:
“როგორც უკვე გითხარით, თითქმის 7 თვეა გასული შვედებთან პირველი მატჩის შემდეგ და ხვალ ბევრი რამ სხვანაირად იქნება.”
საქართველოსა და შვედეთის ეროვნული ნაკრები გუნდების შეხვედრა ხვალ, 11 ნოემბერს, 21:00 საათზე ბათუმში გაიმართება
GIPHY App Key not set. Please check settings