გიორგი მიქაუტაძემ 2026 წელი შედეგიანად დაიწყო – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ელჩესთან“ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, „ალავესთან“ კი გოლი გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ „ვილიარეალს“ ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია.
„გუნდს სწრაფად შევეგუე, ზუსტად ვიცი, რას ითხოვს მწვრთნელი ჩემგან როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. თანაგუნდელებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და ეს ყველაფერი მეხმარება, რომ თამაშის დროს სიამოვნება მივიღო. დაცვაში ყურადღებით თამაში და პრესინგის დროს სწორი პოზიციის შერჩევა უმნიშვნელოვანესია, რათა შემდეგ სწრაფი კონტრშეტევები განვახორციელოთ.
საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ, ყოველთვის ვცდილობ, რომ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. მომენტების რეალიზაციის გასაუმჯობესებლად ბევრს ვმუშაობ.
სათამაშო დროის გათვალისწინებით, ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. 2026 წელი ძალიან კარგად დაიწყო, თავს გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად ვგრძნობ. იმედი მაქვს, რომ თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებ.
ლა ლიგა ჩემს სათამაშო სტილს კარგად ერგება. ესპანეთის ჩემპიონატში ბევრი ძლიერი გუნდია და საფრანგეთის ლიგა 1-ისგან იმით განსხვავდება, რომ ლიდერებთან ყველა გუნდი იბრძვის. კარგ სეზონს ვატარებთ, პირადად მე არც ჩემპიონობისთვის ბრძოლა მგონია შეუძლებელი, თუმცა ვიცი, რომ ეს ძალიან რთული იქნება.
ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნება და დიდი მოტივაციაა. ამ ტურნირზე პირველად ვითამაშე, ცხადია, შედეგით იმედგაცრუებული დავრჩი, მაგრამ სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რომ მხნეობა შევინარჩუნოთ. იმედია, ამ ტურნირზე მომავალ წელსაც ვითამაშებთ და უფრო წარმატებით გამოვალთ.
20 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“ ვუმასპინძლებთ. ნიდერლანდურ გუნდში ვთამაშობდი და ვიცი მათი შესაძლებლობები, ამ შეხვედრას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და კარგად მოვემზადოთ – ჩვენ გამარჯვება გვინდა“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
1tv.ge



GIPHY App Key not set. Please check settings