საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხებით (2:0) ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. ჩვენს გუნდს 5 მატჩში 13 ქულა აქვს ბურთების შეფარდებით 14:2 (+12).
მოგეხსენებათ, ერთა ლიგაზე ნახევარფინალი ერთი მატჩისგან შედგება (ფინალი თავისთავად). ამ ერთი ნახევარფინალის მასპინძელი კი ის გუნდი ხდება, ვისაც ჯგუფში უკეთესი შედეგი ექნება. ოთხ პირველადგილოსან ნაკრებს შორის, პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის მქონე ითამაშებს საკუთარ მოედანზე.
ჩვენი საქმე ისე მიდიოდა, რომ C ლიგის ორი გუნდი – თურქეთი (პირველი ჯგუფი) და საბერძნეთი (მე-2 ჯგუფი) ჩვენზე უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ და რომელიმე მათგანთან მოგვიწევდა სტუმრად თამაში.
თუმცა მე-5 ტურის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ჩვენდა სასიკეთოდ.
საქმე ისაა, რომ თურქეთმა შინ ლუქსემბურგს ვერ მოუგო (3:3), შესაბამისად ქულები დაკარგა და ახლა ჩვენს მეზობლებს ჩვენსავით 13 ქულა აქვთ. ბურთების შეფარდებაა 17:3 (+14). მართალია ბოლო ტურის შედეგებს ფაქტობრივი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ პატარა გუნდები მაინც ბოლომდე თამაშობენ და ჩვენც იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ბოლო ტურში ფარერის კუნძულები ჯეროვან წინააღმდეგობას გაუწევენ თურქეთს. მატჩი კუნძულზე გაიმართება და ჩვენთვის სასურველია თურქებმა დიდი სხვაობით არ მოიგონ (თუ საერთოდ ვერ მოიგეს, მთლად გადასარევი იქნება). ფარერები ბოლო დროს კარგ ფეხბურთს თამაშობენ და შედეგებიც მათი დონიდან გამომდინარე ძალიან კარგი აქვთ. ამ ერთა ლიგაზე კი ბოლო 3 ტურია არ აგებენ (1 მოგება და 2 ფრე). მოკლედ, შეიძლება კუნძულელების იმედად ყოფნა.
საბერძნეთს 4-დან 4 მოგება აქვს და მე-5 ტურს დღეს თამაშობს. სად? კვიპროსთან სტუმრად. ამათ ერთმანეთში კარგი ურთიერთობა ვერ აქვთ, კვიპროსელებს მოგება ჯერ არ აქვთ და უნდა დაამტკიცონ, რომ ყველაზე ჯაბანნი არ არიან, თანაც კვიპროსის მწვრთნელი ხომ ქართველია, თემურ ქეცბაია. მოკლედ, დღეს თემურის და მისი ბიჭების იმედად ვართ. ბერძნების ბურთების შეფარდება დიდი არ არის – 7:0 (+7) და თუ კვიპროსმა ქულა აართვა, გამოდის, რომ საბერძნეთი ჩვენს უკან ექცევა. საბერძნეთს ბოლო ტური ჩრდ ირლანდიასთან უწევს შინ.
მესამე ჯგუფი უკვე მოიგო ყაზახეთმა. ისიც ჩვენსავითაა, 4 მოგება და 1 ფრე, 13 ქულა, აი ბურთების მხრივ კი მოიკოჭლებენ – 8:3 (+5). ყაზახებს ბოლო თამაში სტუმრად აქვთ აზერბაიჯანში და ნაკლებად სავარაუდოა იქ ძალიან დიდი ანგარიშით მოიგონ.
საქართველოს მოგეხსენებათ ბოლო თამაში ორშაბათს გიბრალტართან აქვს და აუცილებელი ამ თამაშის მოგება და რაც შეიძლება კარგი, მსუყე ანგარიშით.
მოკლედ, არსებული ვითარებით ყაზახეთს ვასწრებთ, საბერძნეთის ამბავი დღეს უფრო ნათელი იქნება, ხოლო თურქეთს ვეჭიდავებით, რომ ნახევარფინალი სწორედ ჩვენ ვითამაშოთ სახლში.
GIPHY App Key not set. Please check settings