“ტენერიფემ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. გუნდის ქართველი ლიდერი გიორგი შერმადინი ამჯერად MVP არ გამხვედარა, თუმცა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. შერმადინი წელს ჩატარებული თამაშების უმეტეს შემთხვევაში მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
ტენერიფელთა მეტოქე “მურსია” გახლდათ, რომელსაც ჩვენიანის გუნდმა შინ დამაჯერებლად მოუგო 87:72.
გიორგი ტრადიციულად სასტარტოში იყო და 18 წუთში 12 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ასეთი შედეგი ჰქონდა საჯარიმოების შესრულებისას.
ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, საუკეთესო კი მარსელიონიო უერტასი გახდა 24 ქულითა და 5 შედეგიანი გადაცემით.
10 მოგებითა და 8 მარცხით “ტენერიფე” მე-6 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს, შინ “ფუენლაბრადასთან” გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings