გიორგი შერმადინმა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა. საიუბილეო მატჩში ქრთველი ცენტრი თავის გუნდში საუკეთესო, თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა. შერმადინის ტენერიფემ სანტა კრუზში იტალიურ ტრაპანი შარკსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 80:83 დამარცხდა.
ტენერიფე 4-გუნდიანი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი იყო და მარცხის მიუხედავად, ცხრილის სათავეში დარჩა. 4-დან 4 მოგებით ტენერიფელებმა ჯგუფიდან გასვლის ამოცანა შეასრულეს და მე-5 ტურში შინ იტალიურ კლუბთან თავს მოდუნების საშუალება მისცეს. შარკსს 2 მოგება და 2 მარცხი ჰქონდა, გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა კიდეც.
შერმადინმა შედეგიანად ითამაშა და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:17 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ლაგუნა ტენერიფეს D ჯგუფში 4 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და ლიდერობა შეინარჩუნა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს კი 16 დეკემბერს ჩაატარებს, როდესაც მეტოქედ ისრაელის ბნეი ჰერცლია ეყოლება.



GIPHY App Key not set. Please check settings