გიორგი შერმადინმა ნეკნი გაიბზარა და თუ მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში შორს არ წავიდა, რა დროშიც ქართველი ცენტრი ტრავმას მოიშუშებს, მისთვის სეზონი დიდი ალბათობით დასრულებულია. ლიგა ენდესას 32-ე ტურში ტენერიფე სტუმრად ბრეოგანს შეხვდა და უშანსოდ – 54:76 წააგო.
შეხვედრის პირველი პერიოდის ბოლოს წუთებზე შერმადინი მარსელიონიო ჰუერტასს ბლოკს უყენებდა და მას მეტოქე ჯასტინ რობინსონი შეჯახა. შერმადინი დაეცა და მოედანი თანაგუნდელების დახმარებით დატოვა (ვიდეოში 35-ე წამიდან).
“საავადმყოფოში წაიყვანეს, მითხრეს, რომ ნეკნი აქვს გაბზარული. ეს არის დანაკარგი, რომელმაც შეიძლება პლეი ოფში გავლენა მოახდინოს, რადგან ის ჩვენთვის გადამწყვეტი მოთამაშეა. უკეთ თამაში გვმართებს, ზოგიერთმა მოთამაშემ უფრო მეტი თავდაჯერება უნდა აჩვენოს, დღეს პირველ მეოთხედში გიოც დავკარგეთ”, – აღნიშნა ტენერიფეს მთავარმა მწვრთნელმა, ჩუს ვიდორეტამ.
რაც შეეხება მატჩს, გარდამტეხი მომენტი მესამე პერიოდი იყო, რომელიც ბრეოგანმა 13 ქულით მოიგო და თამაშის ბედიც მაშინ გადაწყდა. შერმადინმა მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 4 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველი ცენტრი შეტევაში უშეცდომო იყო, რადგან 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
32 მატჩიდან 20 მოგებით ტენერიფე ცხრილში მე-6 ადგილზეა. რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში უშერმადინო ტენერიფე 9 მაისს, სტუმრად, ხუვენტუდს ეთამაშება.
GIPHY App Key not set. Please check settings