გიორგი შერმადინი ესპანეთის LIGA Endesa-ს 24-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ეს ტიტული მის კარიერაში 23-ეა, რაც მისივე რეკორდის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშის რეკორდი ლეგენდარულ არვიდას საბონისს და ლუ როს ეკუთვნოდათ, რომლებსაც აღნიშნული ტიტული 19-19-ჯერ აქვთ მოგებული. ქართველმა ცენტრმა წინა სეზონში გადაასწრო ამ მოთამაშეებს და მას შემდეგ, ტურის MVP-ის ტიტულის ყოველი მოგებისას რეკორდს აუმჯობესებს.
ამჯერად შერმადინმა ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი თავის ყოფილ გუნდთან მატჩში გამოჩენილი შედეგიანობით გამოიჩინა. 24-ე ტურში მისმა ტენერიფემ ანდორას უმასპინძლა და 96:84 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა 31:32 წუთში 22 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 11-დან 8 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 38-ს უწია, რაც არა მხოლოდ ამ მატჩში, მთლიანად 24-ე ტურში საუკეთესო იყო და მორიგმა ტიტულმაც არ დააყოვნა.
შერმადინის კონკურენტი ამჯერად მადრიდის რეალის ბოსნიელი ლეგიონერი, ჯანან მუსა გახლდათ, რომელმაც მალაგაში, უნიკახასთან დრამატულ ბრძოლაში მოგებულ მატჩში სარგებლიანობის 37 კოეფიციენტს უწია. მისი წინამძღოლობით რეალმა 107:105 დაამარცხა უნიკახა და ესპანური ლიგის ლიდერობა შეინარჩუნა. სამეფო კლუბს ქულით ჩამორჩება ცხრილში მეორეზე მყოფი შერმადინის ტენერიფე.
შემდეგ, 25-ე ტურში, ტენერიფე სარაგოსას გასვლაზე შეხვდება. მატჩი 29 მარტს გაიმართბა.
GIPHY App Key not set. Please check settings