გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა. ლაგუნა ტენერიფემ ნახევარფინალური სერია უშანსოდ – 0:3 წააგო ვალენსიასთან და სეზონი უსახურად დახურა. ნახევარფინალში ტენერიფელთა მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი იყო და უპირატესობაც ვალენსიას მხარეზე იყო თუმცა 0:3 კანარის კუნძულების გუნდისთვის მართლაც ცუდი შედეგია.
ვალენსიას სერიაში მოედნის უპირატესობა ჰქონდა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მოიპოვა, რადგან ტენერიფემ მანრესაში წააგო და ცხრილში მე-2 ადგილი ვალენსიელებმა დაიკავეს. ტენერიფემ სერიის საწყისი მატჩები ვალენსიაში უშანსოდ წააგო, რის შემდეგაც შინ ითამაშა. შერმადინის გუნდი შეხვედრას კომფორტულად იგებდა, თუმცა მესამე პერიოდი კატასტროფული გამოდგა – ვალენსიამ 33:15 იმარჯვა, 12 ქულით დაწინაურდა და გამარჯვებამდეც დამაჯერებლად მივიდა. საბოლოოდ ვალენსიამ 94:87 იმარჯვა და ფინალში გავიდა.
შერმადინმა სეზონის ბოლო შეხვედრაში 17:10 წუთი ითამაშა და 8 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფეში 17 ქულით საუკეთესო მარსელინიო ჰუერტასი გახლდათ. ვალენსიას მოაგებინა ბრანსოუ ბადიომ, რომელმაც 28 ქულა მიითვალა.
შერმადინისთვის სეზონი დასრულებულია და ის სანაკრებო შეკრებამდე დაისვენებს. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ სანაკრებო კარიერის სექტემბერში დასრულება დააანონსა. ის ნაკრებში ბოლოჯერ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings