გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა. ორლანდო მეჯიქის ძირითადმა ცენტრმა კლივლენდთან 104:94 მოგებულ მატჩში 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი ისე მიითვალა, მოედანზე ყოფნის 29 წუთის მანძილზე ბურთი არ დაუკარგავს.
ერთი სიტყვით, ბითაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე და ორლანდიელთა მორიგ გამარჯვებაში მოზრდილი წილი დაიდო. გოგამ მისთვის ზედიზედ მე-18-ედ ითამაშა სასტარტო ხუთეულში და გუნდის სამწვრთნელო შტაბს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ სწორედ ის იმსახურებს ძირითადში ადგილს და არა ვენდელ კარტერი, რომლის ტრავმის გამოც მიეცა ქართველ ცენტრს თავის გამოჩენის შანსი.
ბითაძემ 8 ორქულიანიდან 6 ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან 3 გამოიყენა. ქულების მხრივ ორლანდოში საუკეთესო იყო პაოლო ბანკერო, რომელმაც 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, თუმცა ბურთი 8-ჯერ დაკარგა. კლივლენდის ძირითადმა ცენტრმა ჯარენ ალენმა 4 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.
16 მოგებითა და 7 მარცხით ორლანდო დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს მილუოკისთან იყოფს. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 15 დეკემბერს, ბოსტონში გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings