თორნიკე შენგელიას ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი კარიერაში. იმის გარდა, რომ ბარსელონას ქართველ ფორვარდს პირადი სტატისტიკა შთამბეჭდავი და მატჩში ყველაზე მაღალი ჰქონდა, მისმა გუნდმა დაძაბული და მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. ბარსელობამ ევროლიგის მე-8 ტურში ბელგრადში, სავსე დარბაზში პარტიზანის წინააღმდეგ ითამაშა და დრამატულ ბრძლაში – 78:76 იმარჯვა.
თორნიკე შენგელიამ მატჩის ბოლო წუთებზე მნიშვნელოვანი 4 ქულა (2-ქულიანი და 2 საჯარიმო) ჩააგდო, როცა ჯერ ბარსელონა პარტიზანს 70:72 მიაახლოვა, ხოლო შემდეგ ჩამორჩენა მინიმუმამდე (73:74) შეამცირა. გამარჯვების სამქულიანი კი ვილ კლაიბერნმა ჩააგდო და პარტიზანის ქომაგებით სავსე ბელგრად არენა დაადუმა.
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29:45 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 42-ს გაუტოლდა და ცხადია, თამაშის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. მეტიც, გამორიცხული არაა ის სრულიად ტურის საუკეთესო კალათბურთელადაც აღიარონ.
გასულ შეხვედრაში ბარსელონელთაგან ვილ კლაიბერნი (14), ტომაშ სატორანსკი, კევინ პანტერი (10) და ირჟი ვესელიც (10) გამოირჩნენ, პარტიზანს კი დუან ვაშინგტონმა (21) და ტაირიკი ჯონსმა (15 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი) ულიდერეს.
ბარსელონას 5 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩში კი ელ კლასიკო ელის – 7 ნოემბერს, შინ, მადრიდის რეალს უმასპინძლებს. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, 2 ნოემბერს კატალონიელებს შინ მურსიასთან მატჩი ელით.



GIPHY App Key not set. Please check settings