საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში უკრაინას უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.
საწყისი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ ზედიზედ მესამე თამაშია ვერ ვიგებთ, თუმცა ქულაც პოზიტიურია წინა ორი მარცხის შემდეგ, როდესაც გოლიც ვერ გავიტანეთ. შანსი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ რჩება (მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ღამე ალბანეთი-ჩეხეთი).
მაგრამ თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე მოგებაც შეიძლებოდა.
თამაში კი მოკლე შეფასებით დაახლოებით ასეთი გამოვიდა: გავუშვით სწრაფი გოლი და კონტრშეტევებზე სასურველი თამაშის ნაცვლად კიდევ ერთხელ მოგვიწია პირველ ნომრად თამაში.
თავსხმა წვიმაში, დამძიმებულ მოედანზე, მჭიდრო მეურვეობის პირობებში ამის გაკეთება მარტივი არ არის – გამოძებნო სივრცე, დაუსხლტე მეურვეებს დასარტყმელ პოზიციაზე და ა.შ. ხშირად არ გამოდის.
ალბათ ამიტომაც იყო, ვილი სანიოლმა ერთიანად შეცვლებს რომ მიმართა.
ასეთ დროს მოქმედებს ორი წესი: ან სტანდარტულებით უნდა იხეირო ან ინდივიდუალურად გაიბრწყინოს ვინმემ. ხვიჩამ დღეს მაგრად ითამაშა, არ გაჩერებულა, სულ ცდილობდა მომენტის შექმნას, მაგრამ ბურთს მიიღებდა თუ არა რამდენიმე კაცი აეკიდებოდა. მიუხედავად ამისა, მატჩის დასაწყისშიც დაარტყა სახიფათოდ და მეორე ტაიმში ხომ სულაც ხარიხას გაარტყა.
ამდენი შეტევების დროს არ უნდა დაივიწყო ისიც, რომ კონტრშეტევაზე მეტოქეც შეიძლება გაგექცეს და უკრაინასაც ჰქონდა შანსი. თუნდაც სულ ბოლო ეპიზოდი რომ ავიღოთ. უკვე კომპენსირებულ დროში გადმოვიდნენ ჩვენსკენ და მამარდაშვილს ზედიზედ ორი სახიფათო დარტყმის მოგერიება მოუხდა (სულ 3 სეივი).
სანიოლმა სასტარტოში ცვლილებებს მიმართა. აღარ დააყენა მიქაუტაძე და ენდო ზივზივაძეს. ბუდუ მებრძოლი და დაუზარელი ბიჭია, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული შანსი არ ჰქონია. მის ნაცვლად გამოსულმა ჟორჟმა კი, საჭირო დროს რომ საჭირო ადგილზე აღმოჩნდა, გაიტანა და ასე დაუტოვა საქართველოს შანსი.
სანიოლმა დააყენა შენგელია, რაც იმას ნიშნავდა კვარაცხელია შესაძლოა მისთვის საყვარელ მარცხენა ფლანგზე არ ყოფილიყო. ხვიჩას ხშირად ვხედავდით ცენტრში, მატჩის მიწურულს უფრო გადავიდა მარცხნივ და იქიდან სახიფათოდ უტევდა. მოკლედ, მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ…
საერთო ჯამში, არ ყოფილა ცუდი მატჩი, შესაძლოა შედეგიც ლოგიკური და სამართლიანია, თუმცა ჩვენ ახლა სხვა სიმაღლეზე გვაქვს თამასა აწეული და ამდენი ხანი მოუგებლობა გულშემატკივარს არ მოეწონება.
ერთა ლიგა 2024/25. B1 ჯგუფი
საქართველო – უკრაინა 1:1
16.11. ბათუმი. “აჭარაბეთ არენა”. 19 876 მაყურებელი
გოლები: 0:1 კვირკველია (7-საკ. კარში), 1:1 მიქაუტაძე (76)
საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (67. გოჩოლეიშვილი), კაშია, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, კიტეიშვილი (86. მექვაბიშვილი), ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე (46. დავითაშვილი), შენგელია (67. წიტაიშვილი), კვარაცხელია, ზივზივაძე (67. მიქაუტაძე)
სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი, გველესიანი, კალანდაძე, კვეკვესკირი, ლობჟანიძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
უკრაინა: ტრუბინი, კონოპლია, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო, ბრაჟკო (80. კალიუჟნი), ზუბკოვი (64. გუცულიაკი), შაპარენკო (64. კრისკივი), სუდაკოვი (86. ნაზარენკო), მუდრიკი, დოვბიკი (80. იარემჩუკი)
გაფრთხილება: ზუბკოვი (3), ლოჩოშვილი (31), შაპარენკო (52), გოჩოლეიშვილი (70), მიკოლენკო (83), მუდრიკი (84)
დარჩა ერთი მატჩი, სტუმრად ჩეხეთთან. კარგი ის არის, რომ მაინც საკუთარ თავზე ვიქნებით დამოკიდებული – მოიგე და იქნები პირველი. ვერ მოიგებ და არ იქნები პირველი. მარტივია. სათქმელად კი. გასაკეთებლად არც ისე. ბიჭები ეცდებიან. იმედია გამოუვათ…
GIPHY App Key not set. Please check settings